ვის შეუძლია ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან რეგიონში მცხოვრების სტატუსის მოპოვება, რა საბუთებია ამისთვის საჭირო და სად უნდა წარადგინოს ის, 7 წლის განმავლობაში ახალქალაქის მუნიციპალიტეტში რამდენმა ადამიანმა მიიღო მაღალმთიანობის სტატუსი და სხვადასხვა მიზეზით რამდენმა თქვა მასზე უარი.
საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, ფიზიკურ პირს მაღალმთიანი რეგიონის მცხოვრების სტატუსი ენიჭება, თუ იგი შემდეგ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს:
1. არის საქართველოს მოქალაქე
2. რეგისტრირებულია დასახლებაში, რომელსაც მაღალმთიანობის სტატუსი აქვს
3.ყოველწლიურად მაღალმთიან რეგიონში მინიმუმ 9 თვე ცხოვრობს
ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, ისევე როგორც სხვა მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში, მაღალმთიანობის სტატუსს მერი გასცემს. მის მისაღებად მერიას უნდა მიმართოთ და შემდეგი დოკუმენტები წარმოადგინოთ:
1. განცხადება ახალქალაქის მერის სახელზე
2. პირადობის მოწმობის ასლი
3. ცნობა სამოქალაქო რეესტრიდან, რომ ის ახალქალაქის მუნიციპალიტეტშია რეგისტრირებული
4. მუნიციპალიტეტში წელიწადში 9 და მეტი თვის განმავლობაში მუდმივი ყოფნის ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტი. ეს დოკუმენტი შეიძლება წარმოდგენილი იყოს: ა) ცნობა სამუშაოდან ბ) ფოტოსურათი ან დოკუმენტი, რომელიც მაღალმთიან რეგიონში მეურნეობას ან უძრავ ქონებას ეხება გ) ერთსა და იმავე მაღალმთიან დასახლებულ პუნქტში მცხოვრები ორი მოწმის განცხადება დ) მაღალმთიან რეგიონში კომუნალური ან სხვა მომსახურების ღირებულების გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტი (ჩეკი) ე) მაღალმთიან დასახლებაში ფიზიკური პირის მუდმივი ცხოვრების დამადასტურებელი ნებისმიერი სხვა დოკუმენტი.
5. თუ სხვა პირი მიმართავს, მას მინდობილობა იმ პირისგან უნდა ჰქონდეს, ვინც სტატუსს ითხოვს.
მერიაში შეიქმნა კომისია, რომელიც მცხოვრებლებისთვის სტატუსის მინიჭებას განიხილავს; დოკუმენტების შემოწმების შემდეგ კომისია მერთან პირს რეკომენდაციას უწევს, რადგან ის იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას.
პენსიონერები, მასწავლებლები, სტუდენტები და მათი მშობლები, საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომლები და დაბალშემოსავლიანი ოჯახები ავტომატურად იღებენ მაღალმთიან რეგიონში მცხოვრების სტატუსს. ახალქალაქის მუნიციპალიტეტში 30 000-ზე მეტმა ადამიანმა მაღალმთიანი რეგიონის მცხოვრების სტატუსი ავტომატურად მიიღო.
2016 წლიდან 2023 წლის 24 იანვრამდე ახალქალაქის მუნიციპალიტეტში მაღალმთიანი რეგიონის მცხოვრების სტატუსი 12 951 ადამიანს მიენიჭა. 2022 წელს სტატუსი ახალქალაქის მუნიციპალიტეტში მუდმივად მცხოვრებმა 565-მა პირმა მიიღო.
2022 წელს მაღალმთიანი რეგიონის სტატუსზე უარი არავის მიუღია.
2022 წელს მაღალმთიან რეგიონში მცხოვრების სტატუსი 107 ადამიანს დროებით შეუჩერდა, მთავარი მიზეზი კი სასწავლო მიზნით სხვა რეგიონებში გადასვლაა. მაღალმთიანი რეგიონის მცხოვრების სტატუსი 1 870 მოქალაქეს სხვა რეგიონებში, ქვეყანაში გადასვლისა და მოქალაქეობის დაკარგვის გამო შეუჩერდა.