18 მაისს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ბიუროს სხდომაზე ახალგაზრდული ჯგუფისა და ორგანიზაცია „ღია საზღვრების“ პეტიცია განიხილა, რომელიც სოფლებსა და ქალაქში მუნიციპალური საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელის შექმნას ეხებოდა. საკრებულოს ბიუროს დეპუტატებმა პეტიცია დაამტკიცეს და მერიას ამ საკითხის გადაჭრის შესაძლო გზების შემუშავების მოთხოვნით გადაუგზავნეს.
პეტიციის განსახილველად საკრებულოს ბიუროს სხდომას საკრებულოს ბიუროსა და ადმინისტრაციის წევრები, პეტიციის ავტორი ჰნაზიკ ავეტისიანი, მერიის წარმომადგენლები, ჯავახეთის საინფორმაციო ცენტრი – JNEWS, ახალქალაქის LAG-ის თავმჯდომარე ესწრებოდნენ.
ბიუროს ყველა წევრმა პეტიციასა და შესრულების შესაძლო გზებზე აზრი გამოთქვა. შეთანხმდნენ, რომ მუნიციპალიტეტს საზოგადოებრივი ტრანსპორტი ნამდვილად სჭირდება და მისი ქსელის შექმნის იდეა მოიწონეს. შეხვედრაზე ახალციხის მუნიციპალიტეტის გამოცდილებაზეც ისაუბრეს, რომელიც ახლა ასეთი ქსელის შექმნითაა დაკავებული.
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ კანონი გვაძლევს უფლებას საზოგადოებრივი ტრანსპორტი შევქმნათ. მიხარია, რომ 420-მა ადამიანმა იცის, რომ შეუძლია მოგვმართოს და პრობლემების მოგვარება მოითხოვოს“, – განმარტა საკრებულოს თავმჯდომარე ნაირი ირიციანმა.
შეხვედრაზე გადაწყვიტეს მერიას მიმართონ, რომელიც იდეის რეალიზებაზე იზრუნებს.
„იქიდან გამომდინარე, რომ ბიუჯეტს თანხები აქვს, მერიას მივმართავთ. ახალციხის მაგალითიც გვაქვს, სადაც მერიასთან ერთად ორგანიზაცია შექმნეს და „ახალციხის საქალაქო ტრანსპორტი“ დაარქვეს, გადაწყვიტეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი არა მარტო ქალაქში, არამედ მუნიციპალიტეტის მასშტაბით შეექმნათ. ხარჯს ექსპერტები დათვლიან. მგზავრობის ღირებულება საბაზრო ფასების შესაბამისი იქნება და არ გაიზრდება“, – განაცხადა საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ სედა მელკუმიანმა.
მუნიციპალიტეტში საზოგადოებრივი ტრანსპორტის საჭიროების შესახებ დოკუმენტი ახალქალაქის LAG-მა 2022 წელს 6 ტერიტორიული რაიონის შესწავლის შემდეგ შექმნა.
საკრებულოს ბიურომ პეტიცია დაამტკიცა და დოკუმენტი მერიას პრობლემის მოგვარების შესაძლო გზების შესამუშავებლად გადაუგზავნა.