30 აგვისტოს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2022 წლის ბიუჯეტში მორიგი ცვლილებები დაამტკიცა. დეპუტატებმა მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემებიც განიხილეს.
მერიის ფინანსური სამსახურის უფროსმა კარენ მერგელიანმა დეპუტატებს ბიუჯეტში განხორციელებული ცვლილებები გააცნო. ისაუბრა ახალ სახელმწიფო ტრანშზე, რომელიც 2 000 000 ლარს შეადგენს, ამ თანხებით განხორციელებულ ოთხ პროექტზე და მუნიციპალურ შენატანზე 384 706 ლარის ოდენობით. ასევე წარმოადგინა ადგილობრივი ბიუჯეტის ხარჯზე განხორციელებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები – ჯამში 887 627 ლარი.
დეპუტატმა, სიფან შიპაქციანმა, სოციალურად დაუცველების სისტემაში უსამართლო ქულების საკითხი წამოჭრა, რადგან ამის გამო არაერთი საჩივარი შედის.
დეპუტატმა ჰამლეტ მოვსესიანმა სოფელ ბუღაშენის სასმელი წყლის საკითხი წამოსწია.
„ამას ყველა შეხვედრაზე ვამბობ, სხვა სოფლებში გზებს გრეიდერით ასწორებთ, ბუღაშენში კი სასმელი წყალი არ არის. 2 კმ მილები უნდა დაიგოს, რათა წყალი იყოს, მილებია შესაძენი“, – განაცხადა ჰამლეტ მოვსესიანმა.
საკრებულოს თავმჯდომარემ ნაირი ირიციანმა ასევე აღნიშნა, რომ ზოგიერთი სოფელი მეტ თანხას იღებს, ზოგისთვის კი საერთოდ არ არის გამოყოფილი. მან სოფლებში სამუშაოების დაგეგმვისას ბალანსირება მოითხოვა.
“მოდით ყველა სოფელს თანაბარი პირობების ჰქონდეს, რათა ახალი სამუშაოები დავიწყოთ. პირველი პრიორიტეტი, რა თქმა უნდა, სასმელი წყლის საკითხია. ბუღაშენისთვის თანხები გამოვყოთ”, – აღნიშნავს ნაირი ირიციანი.
ჰამლეტ მოვსესიანის თქმით, ჰქონდათ შეთანხმება, რომ პირველ ეტაპზე მილსადენებს იყიდიდნენ, შემდეგ დაამონტაჟებდნენ. პროექტის ღირებულება 110 000 ლარია.
ბიუროს სხდომას ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების სამსახურის უფროსი მნაცაკან ფამბუხჩიანი ესწრებოდა. ყოველივე მოისმინა, მაგრამ კონკრეტული პასუხი არ გაუცია.
დეპუტატებმა 2022 წლის პირველი ნახევრის პროგრამული ბიუჯეტის შესრულების ანგარიშიც მოისმინეს.
დღის წესრიგის საკითხთა დამტკიცების შემდეგ, ოპოზიციური პარტია “ლელოს” დეპუტატმა ზაქარ ზაქარიანმა წამოჭრა მაწანწალა ძაღლების საკითხი – როდის დაიჭერენ მაწანწალა ძაღლებს, რომლებიც მოსახლეობას შიშში აყენებენ.
ამ კითხვაზე მნაცაკან ფამბუხჩიანმა განაცხადა, რომ ჩიხში არიან და თუ დეპუტატებმა გამოსავალი იციან, დაეხმარონ.