28 დეკემბერს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მიმდინარე წლის ბოლო სხდომა გამართა და სამი მნიშვნელოვანი საკითხი განიხილეს.
პირველი – ახალქალაქის მუნიციპალიტეტში საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის 5-წლიანი, 2023-2027 წლების, სამოქმედო გეგმა.
გეგმების დეპუტატებს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების სამსახურის უფროსმა მნაცაკან ფამბუხჩიანმა გააცნო. ფამბუხჩიანის თქმით, ხუთი წლისთვის გაწერილი სამუშაოები, რომლებიც 2017 წელს დაიწყო, დასრულდა. ახლა კი მომდევნო ხუთი წლისთვის შეადგინეს გეგმები. მისივე განმარტებით, სერვის ცენტრმა მუშაობა 2017 წელს დაიწყო და ამ წლების განმავლობაში 3 ნაგვის მანქანა და 9 დიდი ურნა შეიძინა.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტში სერვის ცენტრს ნაგავი მხოლოდ 21 სოფლიდან არ გააქვს, თუმცა ცენტრს ემსახურება.
მუნიციპალიტეტის სრულფასოვანი მომსახურებისთვის, ფამბუხჩიანის თქმით, სერვის ცენტრს 5 წელიწადში კიდევ 5 სანაგვე მანქანა და ნაგავსაყრელის შეძენა დასჭირდება.
„გვინდა ნარჩენების დახარისხების სისტემაზე გადავიდეთ, რადგან მთელ მსოფლიო ასე იქცევა, რათა გარემო არ დაზარალდეს. ვაპირებთ ნაგვის ყუთები შევიძინოთ და მუნიციპალიტეტიდან ნაგავი სრულფასოვნად გავიტანოთ. მოსახლეობის დახმარება და ამ მიმართულებით ბავშვების ინფორმირება აუცილებელია“, – განაცხადა მნაცაკან ფამბუხჩიანმა.
მეორე საკითხი სოფელ კუმურდოს ამბულატორიის „საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგისთვის“ ორი წლით გადაცემას ეხებოდა.
მესამე თემა კი 2022 წლის 20 დეკემბრის დადგენილების ბათილად ცნობას შეეხო, რომლის მიხედვითაც საკრებულოს დეპუტატთა ხარჯების ოდენობა 10%-ით გაიზარდა, ხოლო ხელფასებზე 10%-იანი დანამატი მათ არ ეხებათ.
სამივე საკითხი დეპუტატებმაც განიხილეს.