15 ნოემბერს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ნაირი ირიციანმა 2022 წელს გაწეული სამუშაოების ანგარიში წარადგინა.

წლიური ანგარიშის პრეზენტაციას ახალქალაქის მერი მელქონ მაკარიანი, მერის მოადგილე მკრტიჩ მღდესიანი, ფინანსური სამსახურის უფროსი კარენ მერგელიანი, დეპუტატები, ახალქალაქის მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

2022 წლის ანგარიშის მიხედვით, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 26 დადგენილება, 30 განკარგულება და 106 ბრძანება გამოიცა. წლის განმავლობაში ბიუროს 13 და საკრებულოს 13 სხდომა გაიმართა. საანგარიშო პერიოდში საკრებულოში 130 წერილი და განცხადება შევიდა – 8 საჯარო ინფორმაცია.

ნაირი ირიციანმა მოკლედ ისაუბრა ყველა იმ სამუშაოზე, რომლებიც დეპუტატებმა საანგარიშო პერიოდში განახორციელეს როგორც კომისიებში, ისე მის ფარგლებს გარეთ. მისი თქმით, სოფლის ამბულატორიები არაეფექტურია და მუნიციპალიტეტთან შეთანხმებით პუნქტების ეფექტური მართვისთვის სახელმწიფო სააქციო საზოგადოება „საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგისთვის“ გადაცემა გადაწყვიტეს.

საკრებულოს თავმჯდომარემ ყველა ის პროექტი ჩამოთვალა, რომლებიც წლის განმავლობაში სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციასთან (LAG, Merci Corps, FAO) თანამშრომლობით განხორციელდა.

ახალქალაქმა წელს პირველად მიიღო დაძმობილების შეთავაზება ლიტვის ქალაქ ზარასაისგან.

ნაირი ირიციანმა გენდერული კომისიის მუშაობაზეც ისაუბრა, რომლის თავმჯდომარეც თავად გახლავთ.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ხუთი კომისია შეიქმნა, თითოეულის თავმჯდომარემ და წარმომადგენლებმა კი კომისიის მუშაობაზე მოკლედ ისაუბრეს.

ანგარიშის მიხედვით, მუნიციპალიტეტში ადგილობრივი ბიუჯეტიდან 4 575 697 ლარის ღირებულების სამუშაოები ჩატარდა; რეგიონული ფონდიდან 6 317 666 ლარი გამოიყო, ხოლო მაღალმთიანი რეგიონების განვითარების ფონდიდან – 578 000 ლარი.

„გამჭვირვალედ მუშაობისთვის შევქმენით ვებგვერდი, სადაც ყველა მიმდინარე პროცესის  შესახებ ვწერთ. ამ თემებზე წერენ ATV 12, Jnews-ი, რომლებიც ყველა შეხვედრას ესწრებიან და მოსახლეობის ინფორმირებას უწყობენ ხელს. წელს კი ჩვენი საიტი განახლდა. უმეტესად მერიასთან ერთად ვმუშაობთ და სამუშაოებს დიდწილად მათთან ვათანხმებთ“, – განმარტა ნაირი ირიციანმა.

დასასრულს კითხვა-პასუხიც გაიმართა: პარტია „ლელო საქართველოსთვის“ დეპუტატს ზაქარ ზაქარიანს აინტერესებდა, იყო თუ არა შემთხვევები, როცა 13 შეხვედრის მიუხედავად, რაიმე პუნქტი მიზანშეწონილად არ მიიჩნიეს და კვლავ მერიაში გაიგზავნა, თუმცა იქ საკრებულოს მოსაზრებას ექცეოდა დიდი ყურადღება?

ნაირი ირიციანმა ამის შესახებ განაცხადა:

„გამოსვლა იმით დავიწყე, რომ ერთად ვმუშაობთ და ერთადაც ვამზადებთ პროექტს. მაშინ უკან რატომღა გავაგზავნით? თუმცა იყო საკითხები, რომელიც დავაბრუნეთ, მაგალითად, სოფელ კარტიკამასა და კულიკამიდან ბავშვების ქალაქში გადაყვანა. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მაშინ ვშრომობთ, როდესაც საქმეს უკან გვიბრუნებენ. ერთობლივი მუშაობა ბევრად ეფექტურია, ვიდრე საკითხის დაბრუნება”.

ზაქარიანი, ისევე როგორც ოპოზიციური პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატი შირვან შირინიანი, მერიაში რაიმე საკითხის შენიშვნით დაბრუნებას არ დაეთანხმნენ.

შირვან შირინიანის თქმით, ვერც ერთ შეხვედრაზე საკითხის კრიტიკულ ანალიზსა და განსხვავებულ აზრს არ შესწრებია.

„რადგან ჩვენ ვადგენთ შეხვედრების ოქმებს, მაინტერესებს, დეპუტატები აღრიცხავენ თუ არა სხდომაზე წამოჭრილ საკითხებს“, – განაცხადა შირვან შირინიმა.

ახალქალაქის მერმა მელქონ მაკარიანმა განმარტა: „ჩვენ, საკრებულოს, დეპუტატებს და მერიას არ ვყოფთ, ერთობლივად ვწყვეტთ პრობლემებს, ვპოულობთ სწორ მიმართულებას და ვმუშაობთ“.

საკრებულოს სამუშაოზე თავიანთი მოსაზრებები გამოთქვეს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, ახალქალაქის ბიზნეს ცენტრის დირექტორმა მახარე მაცუკატოვმა, PITA-ს წარმომადგენელმა რაისიან ლიოლიამ, LAG-ის თავმჯდომარემ სერგეი ხაჩატრიანმა, ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა სამცხე-ჯავახეთში თეონა ზურაბაშვილმა.