25 იანვარს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მუნიციპალიტეტის 2023-2027 წლების ტურიზმის განვითარების გეგმის პრეზენტაცია წარადგინეს. საკრებულოს კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საკითხთა კომისიამ გეგმა ხელახლა განსახილველად დააბრუნა.
გეგმა მერიის კულტურის, სპორტის, განათლების, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ტურიზმის სამსახურმა წარადგინა.
პროექტში წარმოდგენილი იყო ტურიზმის მიმართულებები და სახეები, ის ადგილები მონიშნეს, რომლებიც ტურისტებს დააინტერესებდათ. ძირითადად ესენია ეკლესიები, აბულის მთა, კარწახის ტბა. დეპუტატებს ტურისტების მოზიდვის სამუშაო გეგმა არ წარუდგინეს.
მოხსენებაში აღნიშნული იყო, რომ დაიბეჭდებოდა ბუკლეტები, დამონტაჟდებოდა ეკრანი, სადაც ახალქალაქის სტუმრებს საინტერესო ადგილებს წარუდგენდნენ. რა ინფორმაციას შეიცავს ბუკლეტები, როდის იქნება ისინი მზად და როდის და სად დამონტაჟდება ეკრანი – საკითხებზე ინფორმაცია დეტალურად არ იყო წარმოდგენილი. ახალქალაქის ოფიციალურ ვებგვერდზე ჯავახეთის ღირსშესანიშნაობების შესახებ ინფორმაციისა და ფოტოების გამოქვეყნების თარიღიც არ დაკონკრეტებულა.
ახალქალაქის ბიუჯეტში ტურიზმის განვითარებისთვის აქტივობებისა და ღონისძიებების ხარჯები გამოყოფილი არ არის.
„თუ ამ ყველაფერში მონაწილეობა გსურთ, თქვენი გეგმებიც წარმოგვიდგინეთ და ბიუჯეტიდან თანხაც მოითხოვეთ. ვფიქრობ, გეგმის ქონის საჭიროება რომ არ დამდგარიყო, ამაზე არ იმუშავებდით. აქტიურები და შრომისმოყვარენი უნდა იყოთ. საწყის ეტაპზე ერთი რაკურსი აირჩიეთ და ამ მიმართულებას მიჰყევით. მეზობელ მუნიციპალიტეტებსაც აქვთ გამოცდილება. წადით, დაინტერესდით, ჰკითხეთ საიდან დაიწყეს. თუ საჭიროა მივლინებებშიც წადით, ნუ მოგერიდებათ“, – აცხადებს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნაირი ირიციანი.
მისივე თქმით, გოგაშენის გზა უკვე დაგებულია, მაგრამ ამ გზას ტურიზმის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი არაფერი შეუმატებია.
„მოასფალტების შემდეგ გვსურდა ვარძიელი ტურისტი გოგაშენის გასწვრივ მაღლა ასულიყო, რათა ტურისტები მოგვეზიდა. თუმცა ამ გზასა და ვარძიაში ახალქალაქის შესახებ არც ერთი ბანერი არ დგას“, – განმარტავს ნაირი ირიციანი.
დეპუტატმა სედა მელკუმიანმა დამსწრეებს არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა და მათი ცოდნის გამოყენება შესთავაზა, რადგან ამ საკითხებში კომპეტენტურები არიან.
„მძლავრი ტურისტული ადგილების, დაშბაშისა და რაბათის შუაგულში ვართ. მუნიციპალიტეტი სატრანზიტო გზაზეა, რაც უნდა გამოვიყენოთ. სხვა მუნიციპალიტეტების გამოცდილებაც უნდა შევისწავლოთ, რადგან მათაც ოდესღაც ნულიდან დაიწყეს“, – აღნიშნა სედა მელკუმიანმა.
ახალქალაქის რესურსცენტრის დირექტორმა თერეზა ჩივჩიანმა ბლოგერების მუნიციპალიტეტის საინტერესო ადგილებში მოწვევისა და რეკლამირების იდეა გამოთქვა.
დამსწრეებმა ახალქალაქის ციხის შესაძლო აღდგენაც განიხილეს.
დეპუტატებმა მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საკითხთა სამსახურის მუშაობა გააკრიტიკეს. შესთავაზეს, რომ მომდევნო შეხვედრაზე თუნდაც 2023 წლის სამუშაო გეგმა თვეების, სამუშაოსა და ამ სამუშაოზე პასუხისმგებელი პირების გათვალისწინებით წარმოადგინონ.