ახალქალაქის მუნიციპალიტეტში სარწყავი სეზონი დაიწყო, მაგრამ ფერმერები პრობლემის წინაშე დგანან – სარწყავი სისტემები ან არ მუშაობს ან საკმარის მოცულობა არ აქვს, რომ მინდვრების ნორმალური მორწყვა უზრუნველყოს. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოფელ ხანდოსა და ტურცხის მოსახლეობა საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემის კომპანიის სამცხე-ჯავახეთის სერვის ცენტრის ხელმძღვანელს ვლადიმერ ხმალაძეს შეხვდა.

ხანდოს და ტურცხის სოფლების მოსახლეობას კარტოფილის მინდვრების მორწყვა არ შეუძლიათ.  30 ივლისს, საკრებულოს თავმჯდომარის, ნაირი ირიციანის ინიციატივით, ამ სოფლების აქტივისტები სამცხე-ჯავახეთის სერვის ცენტრის ხელმძღვანელს ვლადიმერ ხმალაძეს შეხვდნენ.

სოფელ ტურცხის მოსახლეობის თქმით სერვისცენტრის თანამშრომლები სარწყავი სისტემის ხაზს უცხოებისგან არ იცავენ წყალი, რომ არ “მოიპარონ.”  სერვისცენტრი კი არხების სარეაბილიტაციო სამუშაოებს არ აკონტროლებს. არხები ცუდად გარემონტდა, რის გამოც წყალი მიწაში ჩაედინება და ადრესატებამდე ვერ აღწევს.

“იმის გამო, რომ სერვისცენტრის თანამშრომლები არ მუშაობენ, წყალი ჩვენამდე არ მოდის. ფილები გატეხილია, არ გარემონტებულა, არ კონტროლდება. მათ გამო ვიტანჯებით. მაგრამ თანხას მაინც ვუხდით”, – ამბობს სოფელ ტურცხის მცხოვრები ედუარდ ელიაზიანი.

სოფელ ხანდოში წყალი სოფლამდე ვერ აღწევს. მიაჩნიათ, რომ ზაქის ხაზის სარწყავ სისტემას ან არ რთავენ ან სოფელი ბარალეთი და კოჩიო წყალს მათკენ არ უშვებს. ისინი ან რწყავენ ან წყალი მინდვრებში  ან მდინარეში ჩაედინება. სისტემას კი არავინ აკონტროლებს.

“მორწყვა ყოველთვის პრობლემა იყო. მას შემდეგ, რაც ამ კომპანიამ აიღო სისტემები, ჩვენ სარწყავი პრობლემები გაგვიჩნდა. წყალი პირუტყვისთვისაც კი არ გვაქვს, მორწყვაზე არაფერს ვამბობთ. გვჭირდება, რომ სამინისტრომ ნაბიჯები გადადგას. სატუმბი სადგურები არ მუშაობს, წყალი წყალსაცავებში არ ჩაედინება და არც მორწყვა შეგვიძლია. 1 ჰა მიწის მორწყვა ტუმბოთი 100 ლარი გვიჯდება, ხოლო წყალსაცავიდან 1 ჰა-ს მორწყვა 70 ლარი ღირს. მაგრამ წყალი არ არის”,- პროტესტს გამოთქვამს სოფელ ხანდოდან დურგარიან ვაგარშაკი.

სოფელ ხანდოს მცხოვრებლებს პრეტენზია ორგანიზაციასთან აქვთ, რადგან ისინი არა მარტო ზაქის ხაზის სარწყავ სისტემას, არამედ ორ წყალსაცავს, რომლებიც სერვის ცენტრმა დროულად არ შეავსო, არ იყენებენ.

სოფელ ხანდოს მოსახლეობა ვარაუდობს, რომ სერვისცენტრი მათ საშუალებას მისცემს არაგვის სოფლის ტუმბო ჩართონ. სამცხე-ჯავახეთის სერვის ცენტრის ხელმძღვანელმა ვლადიმერ ხმალაძემ განმარტა, რომ მას უფლება არ აქვს  ნება დართოს, რადგან ეს მის კომპეტენციაში არ შედის. ამისთვის სამინისტროს უნდა დაუკავშირდეთ.

ვლადიმერ ხმალაძე ხანდოს მოსახლეობას დაჰპირდა, რომ წყალს შაბათს, 31 ივლისს მიიღებენ. სოფელ ტურცხის მოსახლეობას კონკრეტულად არაფერს დაჰპირებია, მაგრამ მისი თქმით, ის მუშებს თვალს ადევნებს, რათა თავიანთი საქმე შეასრულონ.

“წინასწარ უნდა ვიზრუნოთ სისტემების მუშაობაზე და არა მაშინ, როცა სეზონი უკვე მოდის. აუცილებელია დროულად შევავსოთ ყოველი წყალსაცავი წყლით და არხებს რეაბილიტაცია ჩაუტარდეს. თუ ხელოვნურ ტბებში წყალი იქნება, მოსახლეობა ამ წყლით დაიწყებს მორწყვას, სანამ ზედა სოფლების მცხოვრებლები სისტემას მოიხმარენ. ვფიქრობ, რომ სამინისტრო სწორად არ გეგმავს. ვთხოვთ, რომ მოვიდნენ, მოიწვიონ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, რათა ჩვენი პრობლემები მოისმინონ. ჩვენ ვწუწუნებთ, მაგრამ არც ერთი საკითხი არ წყდება. შევთავაზეთ, რომ ამ საქმეში სოფლის წარმომადგენლები ჩაერთონ”, – აცხადებს საკრებულოს თავმჯდომარე ნაირი ირიციანი.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ამჟამად  7 სარწყავი სისტემაა:

1. სარწყავი სისტემა (თვითდინებით) ლომატურცხი – ემსახურება სოფელ ალათუმანს, კოჩიოს, ღადოლარს, ლომატურცხს, ტურცხს, კოთელიას, ხანდოს;

2. სარწყავი სისტემა (მექანიკური) კოთელია – ემსახურება სოფელ კოთელიას და უერთდება ლომატურცხის სისტემას;

3. სარწყავი სისტემა (მექანიკური) ზაქი – ემსახურება სოფელ ზაქს, კოთელია არაგვას, ორჯას, ხანდოს და უერთდება ლომატურცხის სარწყავ სისტემას;

4. სარწყავი სისტემა ალმალი – მურჯახეთი (მექანიკური და თვითდინებით) – ემსახურება ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში სოფელ ყულალისს, ხოსპიოს, მურჯახეთს, ვაჩიანს, ჩამდურას, ზრესს, კულიკამსა და კარტიკამს;

5. ოკამის სარწყავი სისტემა (მექანიკური) – ემსახურება სოფელ ოკამს, ქარცეფს, გოგაშენს, აფნიას;

6. სარწყავი სისტემა დილისკა- პტენა- ჩუნჩხა, (მექანიკური) – ემსახურება სოფელ დილისკას, პტენას, ჩუნჩხას;

7. ზრესის  სარწყავი სისტემა (მექანიკური) – ემსახურება სოფელ დილისკას, ჩამდურას, კიროვაკანს, კუმურდოს, ვაჩიანს.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულო აპირებს სოფლის მეურნეობის სამინისტროს წერილით მიმართოს, რათა სოფელ ხანდოს მოსახლეობამ სოფელ არაგვას ტუმბო გამოიყენოს, ანუ წყალი სერვის ცენტრების არხებით მიაწოდონ. სოფელ არაგვას ტუმბო მუნიციპალიტეტის ბალანსზეა რეგისტრირებული.