ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის შენობის მოქმედი “ტურნიკეტები” შემოსულ და გასულ თანამშრომლებს არეგისტრირებს. საქართველოს საჯარო სამსახურის ბიუროს გადაწყვეტილებით, “ტურნიკეტები” საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში დამონტაჟდება, რისთვისაც ახალქალაქის მუნიციპალიტეტმა 14 915 ლარი დახარჯა.

მარტის ბოლოს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის შენობის შესასვლელთან ორი “ტურნიკეტი” დამონტაჟდა. ერთი მერიის თანამშრომლების შესვლა-გასვლის კონტროლისთვის, მეორე – მოქალაქეებისთვის. თანამშრომლებისა და ვიზიტორების მოძრაობას დაცვის თანამშრომლებიც აკონტროლებენ.

“ტურნიკეტების” დამონტაჟების მიზანი მუშების დისციპლინის, სამუშაო საათების კონტროლია.

„როდესაც თანამშრომელი შემოდის, საშვი აპარატში უნდა ჩსვას, რათა მონაცემები ავტომატურად მონაცემთა ბაზაში დარეგისტრირდეს, იგივე ხდება გასვლის დროსაც. ასე საჯარო მოხელეების დისციპლინა კონტროლდება. თუ თანამშრომელს არყოფნის საპატიო მიზეზი აქვს, შესაბამის დოკუმენტს წარვადგენთ“, – განმარტა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის უფროსმა ვოლოდია იაილოიანმა.

მონაცემები შპს „ნიუტექის“ ბაზაშია რეგისტრირებული, რომელიც საჯარო სამსახურის ბიურომ შექმნა. დისციპლინის დარღვევის შემთხვევაში, თანამშრომლის ხელფასი შეიძლება შემცირდეს.

იაილოიანის თქმით, პროცესი ახლახან დაიწყო და საჯარო სამსახურის ბიუროს მხრიდან არანაირი ქმედება არ ყოფილა.