30 მარტს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის სააქტო დარბაზში მეფუტკრეებისთვის საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს დაცვის დეპარტამენტისა და საქართველოს მეფუტკრეთა ასოციაციის ორგანიზებით ტრენინგი გაიმართა. მისი მიზანი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, სუფთა თაფლის წარმოების სწავლებაა.
შეხვედრას ახალქალაქის მუნიციპალიტეტის 20-მდე მეფუტკრე ესწრებოდა. შეიწავლეს როგორ და რა საშუალებებით ებრძოლონ ვაროატოზს, რათა თაფლში ქიმიკატები არ მოხვდეს. ტრენინგს სამცხე-ჯავახეთის მეფუტკრეთა ასოციაციის თავმჯდომარე ედუარდ ზაზაძე ხელმღვანელობდა.
„დაავადება, რომელიც გაზაფხულზე ჩნდება, ვაროატოზია. განვმარტეთ, რომ თუ თაფლი სტანდარტების შესაბამისი და ხარისხიანი არ იქნება, არავინ იყიდის. სამწუხაროდ, სამცხე-ჯავახეთის თაფლში ლაბორატორიული ანალიზისას ქიმიური ნივთიერებები აღმოჩნდა. ვისწავლით მკურნალობის ახალ მეთოდს და შევეცდებით თაფლში ქიმიკატები არ მოხვდეს. თუ წესების მიხედვით ვიმუშავებთ, კარგ თაფლს მივიღებთ. საქართველოდან მისი ექსპორტზე გატანის შანსი გვაქვს“,- განმარტავს ედვარდ ზაზაძე.
მისივე თქმით, სამკურნალო თვისებებით ჩვენი თაფლი უკეთესია, მაგრამ ქიმიური ნივთიერებები თაფლსა და ცვილში რჩება.
თაფლი ძირითადად დასავლეთ საქართველოდან გადის. სამცხე-ჯავახეთიდან იგი ექსპორტზე ჯერჯერობით არ გასულა, რადგან ლაბორატორიული ანალიზის დროს ქიმიკატები აღმოაჩინეს. დასავლეთ საქართველოდან ექსპორტირებულია აკაციისა და წაბლის თაფლი. მართალია მცირე რაოდენობით გადის, მაგრამ ქართულ თაფლზე დიდი მოთხოვნაა.
ტრენინგზე საქართველოში მეფუტკრეთა ბაზარზე რეგისტრირების მნიშვნელობაზეც ისაუბრეს.
ანალოგიური ტრენინგი მეფუტკრეებისთვის გასული წლის ოქტომბერში ჩატარდა, მიმდინარე წლის მაისსა და შემოდგომაზე შეხვედრები კიდევ იგეგმება.