14 აპრილი საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება. სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით, ქართულად დაახლოებით 5 მილიონი ადამიანი საუბრობს. ამ დღეს საქართველოში ისინიც აღნიშნავენ, ვისთვისაც ქართული ენა მშობლიური არ არის. მაგალითად, ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლები, რომლებმაც სახელმწიფო ენის შესასწავლად ბევრი იშრომეს.
JNEWS-ი იმ სომეხ ახალგაზრდებს ესაუბრა, რომლებმაც ქართულის სწავლა დაიწყეს, რათა ქართულ საზოგადოებაში ინტეგრაციისთვის სწაფად და ეფექტურად მიეღწიათ.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი ტათევ ვარდიკიანი მოსამზადებელი კურსის სტუდენტია. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოზალიდან არის, ქართულის სწავლა კი სკოლიდან დაიწყო.
„უნივერსიტეტში ჩაბარებამდე ქართული ასე თუ ისე მესმოდა, მაგრამ საუბარი და აზრის გამოთქმა არ შემეძლო, რაც რეგიონის ფარგლებს გარეთ ქართველებთან საუბარში ხელს მიშლიდა, უცხო ადგილებში კი თავს საზოგადოების სრულფასოვან წევრად ვერ ვგრძნობდი. ახლა უკვე თბილისში ვცხოვრობ და ქართულად ყოველდღიურად ვსაუბრობ, რაც ცოდნის გაუმჯობესებაში მეხმარება“.
ტათევი დარწმუნებულია, რომ ყველამ, ვინც საქართველოში ცხოვრობს და თავს ამ ქვეყნის მოქალაქედ თვლის, სახელმწიფო ენა საკუთარი თავისთვის მაინც უნდა ისწავლოს.
ლარისა აროიანი ტათევს ეთანხმება. ის სოფელ არაგვიდან არის და მოსამზადებელ კურსზე სწავლობს. ქართული ენის სიყვარულმა უბიძგა უმაღლესი განათლება თბილისში მიეღო.
„ბუნებრივია, როგორც ნებისმიერი უცხო ენა, ქართულის შესწავლაც ბევრ სირთულესთან იყო დაკავშირებული. ბევრს ვკითხულობდი და ვვარჯიშობდი, მაგრამ იმის გამო, რომ კომუნიკაცია არ მქონდა, მრცხვენოდა და მხოლოდ ნაცნობ სიტყვებს ვიყენებდი, მაგრამ, დროთა განმავლობაში, კომპლექსებზე ვიმუშავე და შიშის გარეშე ვსაუბრობ.”
ლარისას თქმით, ნებისმიერ ქვეყანაში თავისუფალი და თანაბარი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი პირობა ენის ცოდნაა.
მოსამზადებელი სკოლის მოსწავლეებისგან განსხვავებით, რომლებსაც ჯერ კიდევ აქვთ გადაულახავი პრობლემები, მინა შირინიანი ერთ-ერთია იმ ახალგაზრდებს შორის, რომლებმაც ენასთან დაკავშირებული პრობლემები წარსულს ჩააბარეს. ის თსუ-ის ინგლისური ენის მე-4 კურსის სტუდენტია. ღიმილით იხსენებს ყველა პრობლემას, რომელიც გადაიტანა და ახლა ამჟამად ქართულს ყოველგვარი სირთულის გარეშე ფლობს.
„სიძნელეები ყოველთვის გვხდევა, განსაკუთრებით სიახლეების შესწავლისას, მეც ეს გზა გავიარე და გირჩევთ, არ შეგეშინდეთ. განსაკუთრებით რთულია ტერმინოლოგიის, რთული სიტყვების აღქმა, რომლებიც სასაუბრო მეტყველების გარდა აკადემიურ ნაშრომებში გამოიყენება. მაგრამ, დროთა განმავლობაში, ყველაფერი ნაცნობი ხდება და როდესაც უკან იხედებით, რაც ოდესღაც გადაულახავი ჩანდა, სასაცილოდ გამოიყურება. მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ქართული ენის ცოდნა ბევრ შესაძლებლობას გვჩუქნის, განსაკუთრებით ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებს“.
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ჟანა ხაჩატურიანი აღნიშნავს, რომ სახელმწიფო ენის ცოდნის პრობლემა ეროვნული უმცირესობების სოციალურ და პოლიტიკურ ინტეგრაციას აფერხებს. თუმცა დღევანდელ ვითარებას თუ 10-15 წლის წინანდელ მდგომარეობას შევადარებთ, ვნახავთ, რომ იგი დადებითად შეიცვალა, მაგრამ ეს საკმარისი არ არის.
„სამწუხაროდ, ეს თემა კვლავ აქტუალურია, განსაკუთრებით ჩვენი რეგიონისთვის. ენის ცოდნასთან დაკავშირებული პრობლემები სოფლებში უფრო თვალსაჩინოა რიგი ფაქტორების გამო: არაკვალიფიციური სპეციალისტები, შეზღუდული რესურსები სკოლებში და სხვ. თუმცა პროგრესი გვაქვს, ყოველწლიურად იმ ახალგაზრდების რიცხვი იზრდება, რომლებიც საქართველოში რჩებიან და ქართულ უნივერსიტეტებში აბარებენ, რაც ძალიან გამამხნევებელია“.
ჟანა ხაჩატურიანს მიაჩნია, რომ ადამიანებმა დაიწყეს იმის გაანალიზება, რომ სახელმწიფო ენის უცოდინრობა მათ საზოგადოებისგან ჰყოფს.
„ქართული ენის უცოდინრობა ადამიანებს ინფორმაციის ბევრ წყაროს უზღუდავს, კარგავენ ცენტრთან კავშირს, უჭირთ მრავალი საჯარო სერვისით სარგებლობა. ვფიქრობ, სწორედ მათგან თავის არიდების სურვილი უბიძგებს ბევრ ადამიანს ენის შესწავლისკენ. ახალგაზრდებს ესმით, რომ ენა აქ მუშაობისა და პროფესიული ცოდნის გამოყენების წინაპირობაა“.
ჟანა ხაჩატურიანი დარწმუნებულია, რომ იმ ქვეყანაში, სადაც ადამიანი ცხოვრობს და სახელმწიფო ენას არ ფლობს, საკუთარი თავის, როგორც აქტიური და დაინტერესებული მოქალაქის, რეალიზება უბრალოდ შეუძლებელია. ამის გაცნობიერება ბევრ ადამიანს სტიმულს აძლევს ქართული ენას დაეუფლოს.