მშენებლობის დაწყებიდან სამი წლის შემდეგ 15 მარტს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კუმურდოში საბავშვო ბაღი გაიხსნა. მშენებლობაზე ადგილობრივმა ბიუჯეტმა 1 033 736 ლარი დახარჯა.
საბავშვო ბაღი მასწავლებლებითა და მომსახურე პერსონალით სრულად არის დაკომპლექტებული. სოფელ კუმურდოს საბავშვო ბაღში 85 ბავშვი დადის – 15 სოფელი კიროვაკანიდანაა, დანარჩენი კუმურდოდან. საბავშვო ბაღში 3 ჯგუფია. შენობა 100-120 ბავშვზეა გათვლილი.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების ასოციაციის დირექტორის, ანაიდა ასატურიანის თქმით, საბავშვო ბაღში სიარულის მსურველი ბევრად მეტია.
„თავდაპირველად 90 ბავშვი იყო. რამდენიმე იმდენად პატარა იყო, რომ მშობლების გარეშე არ ჩერდებოდა. ბავშვები სექტემბრიდან მოვლენ. იმ პროექტის მიხედვით, რაც გათვალისწინებული იყო, ნორმალური პირობებია. უბრალოდ წყალი მეორე სართულზე, სამზარეულოშიც უნდა გავიყვანოთ“, – განმარტა ანაიდა ასატურიანმა.
სოფელ კიროვაკანიდან ბავშვები ადგილობრივი ბიუჯეტით გადაჰყავთ.
კუმურდოს საბავშვო ბაღის მშენებლობა 2020 წელს დაიწყო, ორ ეტაპად გადანაწილდა და 2021 წელს უნდა დასრულებულიყო, თუმცა 2021 წლის ნოემბრიდან კომპანიამ მუშაობა შეწყვიტა, რის გამოც ხელშეკრულებით გაწერილი ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის 15 000 ლარით დაჯარიმდა. მას შემდეგ შენობის დასრულების ვადა რამდენჯერმე შეიცვალა.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტში 17 საბავშვო ბაღია, აქედან 2, სოფელ ხანდოსა და კოთელიაში, ალტერნატიულია.
2023 წლის 16 იანვარს სოფელ კარტიკამში ალტერნატიული საბავშვო ბაღი დაიხურა, რადგან ბაღში 6-7 ბავშვი დადიოდა. საბავშვო ბაღების ასოციაციის გადაწყვეტილებით ბავშვები სოფელ კულიკამში გადაიყვანეს.
„ოფიციალურად 10 ბავშვი დაფიქსირდა, მაგრამ მხოლოდ 6-7 მათგანი დადიოდა, ამიტომ ბავშვები სოფელ კულიკამის ბაღში გადავიყვანეთ. პერსონალიც, ბავშვებთან ერთად, კულიკამში გადავიყვანეთ. ბაღში სულ 4 აღმზრდელი მუშაობდა”,- განაცხადა ანაიდა ასატურიანმა.