კომპანია “ნიკას”, რომელიც ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კუმურდოში საბავშვო ბაღს აშენებს, თავდაპირველი ხელშეკრულების მიხედვით, მშენებლობა 2021 წლის დეკემბერში უნდა დაესრულებინა. თუმცა სამუშაოები არ დასრულებულა და ვადა 2022 წლის ივნისის ბოლომდე გაგრძელდა. მაგრამ კომპანიამ ამ ვადაშიც ვერ დაასრულა მუშაობა. საბავშვო ბაღის ექსპლუატაციაში შესვლის ვადა კიდევ თვენახევრით გაგრძელდა.
დღეს, 12 ივლისს, დილით, Jnews-ი სოფელ კუმურდოს საბავშვო ბაღს ეწვია, იმ იმედით, რომ ბაღის მშენებლობა დასრულებული იქნებოდა, რადგან ჩვენი წინა ვიზიტის დროს სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებმა Jnews-ს აცნობეს, რომ აქტიურად მუშაობდნენ და სამუშაოების დასრულების დრო ივნისის ბოლომდე ჰქონდათ.
საბავშვო ბაღის სამშენებლო მოედანზე მისულებს ადგილზე მუშები არ დაგვხვდნენ, უფრო სწორად, სამუშაოები არ ჩატარებულა. თუმცა, ბაღის მშენებლობაში პროგრესი აშკარა იყო: დასრულებულია ლესვა- ღებვის სამუშაოები, დასრულდა გარე მოპირკეთება, გაკეთდა სამუშაოები სამზარეულოსა და სველი წერტილებში, აშენდა ეზოში საქვაბე ოთახის კედლები, გაყვანილია გათბობა, ჩატარდა შიდა ელექტრო სამუშაოები. კორპუსს არ აქვს დენი და წყალი, არ არის ჩაყენებული კარები, არ არის ლამინირებული იატაკი, რჩება რამდენიმე სამალიარო სამუშაოების დასრულება. საბავშვო ბაღში სამუშაოების დასასრულებლად ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი, როგორც შიგნით, ასევე გარეთ.
ჩვენი დანახვისას ორი ადამიანი მოგვიახლოვდა, რომლებიც სამშენებლო ობიექტზე მუშაობდნენ, მაგრამ იმის გამო, რომ კომპანია „ნიკამ“ ორი თვის ხელფასი არ გადაუხადა, ისინი არ მუშაობენ და მუშაობას ვალების დაფარვამდე არ დაიწყებენ.
„ორი თვეა ხელფასი არ აგვიღია, აქ სამუშაოდ მოვდივართ, რომ ხელფასი ავიღოთ, როგორ ვიცხოვრებთ? დღეს თქვეს, რომ საბუთებს ქალაქში წაიღებენ და, შესაძლოა, თანხაც მოიტანონ. მაგრამ რა ჩვენი საქმეა, ჩვენ ჩვენი საქმე გავაკეთეთ, ყოველდღე გვატყუებენ, ხან დღეს, ხვალ გადაგიხდითო. თუ გადაიხდიან, 3 დღეში დავასრულებთ დარჩენილ საქმეს“, – განაცხადა ერთ-ერთმა მუშამ ვრეჟ ამაზარიანმა.
ალექსანდრე ზაზაძეც ჩივის, რომ ხელფასს არ იღებენ, ამიტომ არ მუშაობენ, მუშების თქმით, მასალებთან დაკავშირებული პრობლემები არ აქვთ.
ამ ადამიანების თქმით, სამშენებლო მოედანზე ბათუმელი მუშები მუშაობდნენ, რომლებიც გუშინ წავიდნენ და შესაძლოა აღარ დაბრუნდნენ, რადგან მათაც არ უხდიდნენ ხელფასს.
კომპანია “ნიკადან” Jnews-ს ტელეფონით აცნობეს, რომ კუმურდოში სამუშაოები გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს: „ახლა იქ სამუშაოები მიმდინარეობს, ყველაფერი გრაფიკის მიხედვით მიდის, თვენახევარში დავასრულებთ მშენებლობას“.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერმა მელქონ მაკარიანმა განაცხადა, რომ მშენებლობა კონტროლდება და ყველაფერი კანონის ფარგლებშია.
„ერთი წლის წინ უნდა დასრულებულიყო, მაგრამ მშენებლების „კეთილსინდისიერი“ მუშაობის გამო პროცესი გაჭიანურდა. ივნისის ბოლოს ვერ მოასწრეს, ვადა მიეცათ, რომ დაასრულონ. ყოველდღიურად კონტროლდებიან მერიის შესაბამისი სამსახურის მიერ“, – განაცხადა მან.