ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კუმურდოში საბავშვო ბაღის მშენებლობა, ხელშეკრულების მიხედვით, 2021 წლის დეკემბერში უნდა დასრულებულიყო, თუმცა მშენებლობა ჯერ არ დასრულებულა. დაჯარიმების მიღების შემდეგ სამშენებლო კომპანიამ ახალი განრიგი მიიღო, რომლის მიხედვითაც სამუშაოები 2022 წლის ივნისის ბოლომდე უნდა დასრულდეს. კომპანიას მშენებლობის დასასრულებლად, ჯერ კიდევ ბევრი აქვს სამუშაო.
დღეს, 2 ივნისს, Jnews-მა სოფელ კუმურდოში საბავშვო ბაღის მშენებლობა დაათვალიერა. ადგილზე 8 მუშა და სამშენებლო კომპანიის ორი წარმომადგენელი მუშაობდა. საქვაბის კედელს ორი ადამიანი აშენებდა, შენობის შიგნით კი რამდენიმე მუშა მუშაობდა. მუშები ადგილობრივები არიან, სოფელ კუმურდოს მცხოვრებნი.
შენობის კედლები, სახურავი აშენებულია, შიდა მოპირკეთება არ არის დასრულებული, მიმდინარეობს გათბობის სისტემის მონტაჟი, მაგრამ შენობაში კარები არ არის დამონტაჟებული, ჭერი არ არის დასრულებული, არ არის იატაკის საფარი, წყალმომარაგება და კანალიზაცია არ არის დაყენებული, ტუალეტი და სამზარეულო ასევე არ არის მზად, ჯერ არ არის გარე მოპირკეთება. არ არის მზად საბავშვო ბაღის ეზოც.
კომპანია «ზენაურის» ქვეკონტრაქტორი სამუშაოების ხელმძღვანელი, როსტომ გელაძე ამტკიცებს, რომ სამუშაოს დროულად დასრულებას მოასწრებენ, თავის დროზე ამინდმა შეუშალა ხელი.
„შიგნით ყველაფერი დასრულებულია, გარე სამუშაოები რჩება, ხვალ 20 კაცი იქნება და ყველაფერს დავასრულებთ, ერთ კვირაში სველი წერტილი მზად იქნება, დღეს დავასრულებთ წყალმომარაგებას. ადგილობრივებმა შენობის მოპირკეთება მაღალი ხარისხით ვერ მოახერხეს, ბათუმიდან ჩამოვიყვანთ მუშებს და გააგრძელებენ“, – თქვა როსტომ გელაძემ.
სოფელ კუმურდოში საბავშვო ბაღის შენობას შპს „ვერნიცკი და კომპანია“ აშენებს. ორგანიზაციამ საბავშვო ბაღის მშენებლობაზე ტენდერი 2020 წელს მოიგო. შენობა 2021 წლის ბოლოს უნდა გადაეცათ. 2020 წელს ადგილობრივმა ბიუჯეტმა საბავშვო ბაღის მშენებლობაზე 400 000 ლარი გამოიყო, 2021 წელს კი 633 736 ლარი, ჯამური თანხა 1 033 736 ლარია. კომპანიამ ტენდერი 1 023 736 ლარის ოდენობით გაიმარჯვა.
2021 წლის ნოემბრიდან კომპანიამ მუშაობა შეწყვიტა, რის გამოც 15 000 ლარით დაჯარიმდა.
ახალქალაქის მერის, მელქონ მაკარიანის თქმით, დაჯარიმების შემდეგ მათ შეადგინეს სამუშაოების ახალი განრიგი, მშენებლობის დასასრულებლად 6 თვის ვადა, ივნისის ბოლომდე. მაკარიანი ამბობს, რომ შეეძლოთ შპს «ვერნიცკი და კომპანია» შავ სიაში შეეყვანათ, მაგრამ განიხილეს და გადაწყვიტეს, რომ უკეთესი იქნებოდა, თავად დაასრულონ სამუშაო, რადგან ეჭვობდნენ, რომ დაუმთავრებელ სამუშაოებს სხვა კომპანია არ აიღებდა.
„ორი დღის წინ ვიყავი იქ და ვნახე 13 მუშა და მანქანა სამშენებლო მასალით, კანონის მიხედვით გვაქვს უფლება დავაჯარიმოთ, თუ დროულად არ გააკეთებენ. კონკრეტული ვადა მივეცით, თუ არ გააკეთებენ, დავაჯარიმებთ და ამის შემდეგ გვაქვს უფლება გავაგრძელოთ ვადა სამუშაოების დასრულებამდე. სამუშაოს დასრულებამდე თანხას არ მიიღებენ“, – თქვა მელქონ მაკარიანმა.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, შპს „ვერნიცკი და „კომპანიის“ სამუშაოებისთვის ზედამხედველობა დამოუკიდებელ ექსპერტ კომპანია „ქრიზოლიტს“ უნდა ეწარმოებინა. ამ ორგანიზაციის წარმომადგენელი თორნიკე ახვლედიანი ფიქრობს, რომ კომპანია ვერ მოახერხებს სამუშაოების დროულად დასრულებას.
„2 დღის წინ რამდენიმე ადამიანი მუშაობდა, ხელმძღვანელმა თქვა, გუნდს მოვიყვანო, თქვა, რომ ბიჭებს მოვიყვანთ და მშენებლობას დაასრულებენ, 5 დღის წინ არც არავინ იყო, ადგილობრივებიდან მხოლოდ ორი ადამიანი მუშაობდა. ვერ მოასწრებს, სანქციები დაუწესეს, გრაფიკს ჩამორჩებიან. მაგრამ ვფიქრობ, როგორმე უნდა დაასრულომ. თუ შავ სიაში მოხვდება, მუშაობა გაუჭირდება“, – თქვა თორნიკე ახვლედიანმა.
Jnews-ი ამ თემას ივნისის ბოლოს დაუბრუნდება.