კატია პოღოსიანი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხავეთიდანაა. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლეა, არაერთ საცეკვაო კონკურსში მონაწილეობს და ახლა სოფელში თავად ასწავლის როგორც სომხურს, ასევე ქართულსა და თავისუფალი სტილის ცეკვებს.

15 წლის კატია ხავეთის საჯარო სკოლაში სწავლობს, მაგრამ ქორეოგრაფიულ მოღვაწეობაში ეს ხელს არ უშლის და სოფლის ბავშვებს გაკვეთილებთან ერთად ასწავლის ცეკვა. ცეკვა ბავშვობიდან უყვარდა და, რადგან სოფელში ცეკვის მასწავლებელი არ ჰყავთ, გადაწყვიტა  ხარვეზი თავად გამოესწორებინა.

Katyan ir xmbi het

„ბავშვობიდან მიყვარდა ცეკვა, მაგრამ ქორეოგრაფობაზე არასდროს მიფიქრია. ცეკვა ახალქალაქის კულტურის სახლში ვისწავლე. იმის გამო, რომ სოფელში ყველა ბავშვს, რომელსაც ცეკვა უყვარს, არ აქვს შესაძლებლობა ახალქალაქში იაროს, გადავწყვიტე მათზე მე ვიზრუნო. თავიდან საკმაოდ რთული იყო, მაგრამ ახლა ყველაფერი კარგადაა და მეცადინეობები ჩვეულ რეჟიმში გრძელდება“, – ამბობს კატია პოღოსიანი.

კატია ცეკვას სოფელ სულდაშიც ასწავლის და ხავეთის ჯგუფისგან განსხვავებით, სულდას ჯგუფთან ერთად თბილისში გამართულ კონკურსზე გავიდა და მედალი მიიღო. ახლა, დატვირთული რეჟიმის გამო, კატია სულდაში არ ასწავლის, მაგრამ ხავეთის ჯგუფთან მეცადინეობებს აგრძელებს.

ოთხი თვეა სოფლის ბავშვებს ცეკვას ასწავლის. ის გაკვეთილებს სოფლის ერთ-ერთი მცხოვრების სახლში ატარებს, სადაც დიდი ხანია არავინ ცხოვრობს და თვეში 100 ლარს იხდის. სახლში, სადაც ცეკვის გაკვეთილები იმართება, გათბობის პრობლემაა. კატიამ  გამოსავალი იპოვა: შეშა სახლიდან მოაქვს.

“ძალიან დიდი ენთუზიაზმით განეწყვნენ, 20 კაციანი ჯგუფიც შეიქმნა, მაგრამ ცუდი პირობებისა და სიცივის გამო რაოდენობა შემცირდა. თითოეული ბავშვი თვეში 20 ლარს იხდის და კვირაში ორ გაკვეთილს ვატარებ“, – ამბობს ის.

Pari xumb

სწავლების გარდა, კატია ცეკვის გაკვეთილებსაც ესწრება. ის უკვე ერთი წელია, რაც ახალქალაქის კულტურის სახლში ცეკვავს. აღნიშნავს, რომ ქორეოგრაფები ალიკ და ლამარა ქსპოიანები მის საქმიანობას დიდ მხარდაჭერას უცხადებენ, ხოლო მშობლებს მისი ორგანიზებული მუშაობა მოსწონთ.

სამომავლო გეგმებზე საუბარი რთულია, ჯერ არ გადაუწყვეტია რა პროფესიას აირჩევს სკოლის დამთავრების შემდეგ, გაჰყვება თუ არა ცეკვას. ამბობს, რომ ფიქრისა და გადაწყვეტილების მისაღებად დრო ჯერ კიდევ აქვს.

xumb

„სკოლის დამთავრების შემდეგ უნივერსიტეტში სწავლა მინდა. ძალიან მიყვარს ცეკვა და მინდა რამე კარგი გავაკეთო ჩემი სოფლისთვის, ამიტომ დავიწყე სწავლება და სირთულეებთან გამკლავება“, – აცხადებს კატია პოღოსიანი.