ჯავახეთში გოგონები არქიტექტურას საკუთარ პროფესიად ირჩევენ და საზოგადოების დაუწერელ ნორმებს ეწინააღმდეგებიან.
პროფესია, რომელშიც ისტორიულად მამაკაცები დომინირებენ, ამჟამად მკვეთრ ცვლილებას განიცდის, რადგან სულ უფრო მეტი გოგონა ინტერესდება მისით.
„ხელოვნება ყოველთვის მიყვარდა და მაინტერესებდა. სკოლის წლებში ვერ გადავწყვიტე, რომელი პროფესია ამერჩია. გავიხილავდი ტანსაცმლის მოდელირებას, ციფრულ მედიას, დიზაინს და არქიტექტურას. დიდი მსჯელობის შემდეგ მომავალ პროფესიად არქიტექტურა ავირჩიე. ხატვა კი ჰობია, თუმცა მას სულიერი სიმშვიდე მოაქვს. დატვირთული გრაფიკის მიუხედავად, ხატვას არ ვწყვეტ და მეტად ვეცნობი ამ სფეროს“, – ამბობს ჰასმიკ პეტროსიანი.
პროფესიები გენდერული ნიშნით აღარ იზღუდება. ახლა გოგონები თამამად იკაფავენ გზას და საზოგადოების იძულებას არ ემორძილებიან.
„ჩემს მიერ არჩეულ პროფესიასთან დაკავშირებით ბევრი სტერეოტიპი იყო (მაგალითად, არქიტექტურა მამაკაცის პროფესიაა, თუ ისწავლი, მშენებელი უნდა გახდე). ეს საქმიანობა საშუალებას მაძლევს ცრუ წარმოდგენებს წინ აღვუდგე. ჩემს სურვილებს მივყვები და ხალხს ვანახებ, რომ თავდადება და კრეატიულობა სქესით არ შემოიფარგლება. იმედი მაქვს სხვებს, განსაკუთრებით ახალგაზრდა გოგონებს, შთავაგონებ, უშიშრად განახორციელონ თავიანთი მიზნები“, – განმარტავს ჰასმიკ პეტროსიანი.
არქიტექტურის მომავალი ახლა უფრო ნათელია, რადგან ახალგაზრდა ქალები უნივერსიტეტებში ახალი პერსპექტივებითა და ინოვაციური იდეებით აბარებენ. ეს კი მათ ინდივიდუალობაზე მიუთითებს.
„არქიტექტურა „მამაკაცის პროფესიაა“ – ეს სტერეოტიპი ძალიან დიდი ხანია არსებობს და, ასე მგონია, კიდევ დიდხანს იარსებებს. თუმცა გადავწყვიტე ამ სირთულეებს გავუმკლავდე. ერთად დავუპირისპირდეთ სტერეოტიპებს, რომლებიც მრავალფეროვნებასა და იმ პროფესიის არჩევაში გვიშლის ხელს, რომელიც ნიჭს, შრომას, თავდადებას მოითხოვს. მას გენდერთან საერთო არ აქვს“, – აცხადებს შოღიკ გუბასარიანი.
ცვლილებების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არქიტექტურულ დიზაინში ქალების ნიჭისა და შესაძლებლობების აღიარებაა. ახალი თაობა, რომელიც ისტორიაში წარმატებული ქალი არქიტექტორების მაგალითებით არის შთაგონებული, ამ გზის გაგრძელების კიდევ უფრო დიდ სურვილს გამოთქვამს.
„ისტორიის მანძილზე, ისეთი გამოჩენილი ქალი არქიტექტორების მიღწევები, როგორებიც არიან ზახა ჰადიდი, კაზუიო სეჯიმა და ჟანა განგი, შთაგონების წყარო იყო. მათი მიღწევები გვახსენებს, რომ ნიჭს საზღვარი არ აქვს. არქიტექტურის არჩევით მათ მემკვიდრეობას ვცემ პატივს და ვცდილობ ამ სფეროში ჩემი კვალიც დავტოვო“, – აღნიშნავს შოღიკ გუბასარიანი.
შოღიკ გუმბასარიანის შემოქმედებიდან
ჟანა ჩოგანდარიანი