დღეს, 8 მარტს, ქალთა უფლებების საერთაშორისო დღეს, თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში იმართება ქალთა მარში – „ქალები ტოტალური კონტროლის წინააღმდეგ!“.
ქალთა მარშის გამო თბილისში გადაიკეტა რუსთაველის გამზირი.
ორგანიზატორების განცხადებით, ქალთა მოძრაობის მიერ ორგანიზებულ მარშში მონაწილეობას იღებს ყველა, ვის ცხოვრებასაც მნიშვნელოვნად აუარესებს რუსული კანონის მიღება. მათი თქმით, ისინი არიან ყველგან და ბოლომდე დაიცავენ ღირსეული ცხოვრების შესაძლებლობას.
მათი თქმით, ძალადობაგამოვლილი, რეგიონში მცხოვრები, მიგრანტი, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების წარმომადგენელი, ხანდაზმული, დასაქმებული, იძულებით გადაადგილებული ქალები, მარტოხელა დედები, შშმ ბავშვების მშობლები, კონფლიქტის ზონაში მცხოვრები მოსახლეობა და სხვა მრავალი ადამიანი საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით უმნიშვნელოვანეს მხარდაჭერას იღებს.
როგორც ისინი ამბობენ, ამ მხარდაჭერის დაკნინებისა და აკრძალვის შედეგად, ზიანდება მთლიანად საქართველოს მოსახლეობა, რადგან რომ არა უამრავი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სერვისი, ზრუნვაზე, განათლებასა და სამედიცინო მომსახურებაზე წვდომა, ვერ დაიცავენ თავს მოძალადეებისგან, არ ექნებათ შრომის ელემენტარული პირობები და ბედის ანაბარად მიტოვებული დარჩება საზოგადოების უამრავი ჯგუფი – შშმ პირები, ქალები, ბავშვები.