პეტროს ადამიანის სახელობის თბილისის სახელმწიფო სომხური დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს არმენ ბაიანდურიანს ქართულ-სომხური კულტურული კავშირების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის საპატიო სიგელი ქართული ენის დღის ფარგლებში თბილისის საკრებულოში (ქალაქის საბჭო) გამართული ღონისძიებისას გადაეცა.
„საქართველო ჩვენი ქვეყანა და მისი შვილები ვართ. როგორი ერიც არ უნდა ვიყოთ, ქვეყნის ნებისმიერ წარმატებასა თუ წარუმატებლობაზე ვართ პასუხისმგებელნი. ამ მხრივ ჩვენი ისტორიული სამშობლო, სომხეთიც უნდა ვახსენოთ და ვიცოდეთ, რომ ამ ორ ქვეყანას შორის ხიდი ვართ. ორი ქვეყნის შვილები ვართ და მათ განვითარებაში წვლილი უნდა შევიტანოთ“, – განმარტა არმენ ბაიანდურიანმა დაჯილდოების ცერემონიალზე სიტყვით გამოსვლისას.
პეტროს ადამიანის სახელობის სახელმწიფო სომხური დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა JNEWS-თან საუბარში განაცხადა, რომ 21 თებერვალს ქართულ-სომხური კულტურული კავშირების განვითარებისთვის, მეგობრობისა და საქმიანობისთვის ჯილდო მიიღო და აღნიშნა, რომ ყოველი ჯილდო თეატრს ეკუთვნის.
არმენ ბაიანდურიანის თქმით, დღეს სომხურ თეატრს ძალიან მჭიდრო და შემოქმედებითი ურთიერთობა აქვს ყველა ქართულ თეატრთან.
„მსოფლიოში ცნობილი რეჟისორი რობერტ სტურუა მომავალ დადგმას ჩვენს თეატრში გეგმავს. ჩვენი ახალი შენობა კი ქართველი დრამატურგის, ცაგარელის ცნობილი პიესით „ხანუმათი“ გაიხსნება. ჩვენთვის დიდი პატივია, რომ მაესტრომ სურვილი გამოთქვა სპექტაკლი ჩვენს თეატრში დადგმულიყო, ეს სომხური თეატრის გამარჯვებად მიმაჩნია“, – განაცხადა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა არმენ ბაიანდურიანმა JNEWS-თან საუბარში.
შეგიძლიათ გაეცნოთ:
მალე თბილისის სომხური თეატრი მაყურებელს ახალ შენობაში მიიღებს
თბილისის პეტროს ადამიანის სახელობის სომხური სახელმწიფო დრამატული თეატრი 167 წლის გახდა. იგი 1856 წელს დაარსდა. თეატრი ავლაბრის ამჟამინდელ შენობაში 1936 წლიდან ფუნქციონირებს. 1921 წლის 1 მაისს დასმა სახელმწიფო თეატრის სტატუსი მიიღო და სტეპან შაუმიანის პატივსაცემად მისივე სახელი დაარქვეს, მაგრამ 1991 წელს თეატრს წოდება შეეცვალა და დღემდე პეტროს ადამიანის სახელობის თბილისის სახელმწიფო სომხური დრამატული თეატრის სახელით ფუნქციონირებს.