სტუდენტი ხარ და დამოუკიდებლად გადაწყვიტე ცხოვრება? ფიქრობ სად იქირაო ბინა? უკვე იცი როგორი ბინა გინდა? ან იქნებ არ გიფიქრია, მაგრამ შენი მოთხოვნები და პირობები გაქვს.

გამოცდილო და ახალბედა სტუდენტო, ეს ინფორმაცია უახლესია შენთვის არის. გირჩევ, კითხვა განაგრძო..

EDU.ARIS.GE -ს უძრავი ქონების საკონსულტაციო კომპანია Warm house-ის წარმომადგენელი გიორგი გოგბერაშვილი ესაუბრა.

– გიორგი, როდის არის საუკეთესო დრო სტუდენტისთვის ბიუჯეტური ბინის შესარჩევად?

– ბიუჯეტური ბინის შესარჩევად სტუდენტისთვის საუკეთესო დრო სწავლის დაწყებამდე 2 თვით ადრეა. ივლისი-აგვისტოს თვეა, (შუა რიცხვებამდე). ამ პერიოდში უძრავი ქონების ბაზარი „ჩაწყნარებულია“ და ბინების ფასი ეცემა. ახლა კი, შეიძლება ითქვას, რომ ბინებზე ნადირობის სეზონი დაწყებულია.

– გვითხარით, რა მოთხოვნები აქვთ სტუდენტებს, რომლებიც ბინის შესარჩევად მოგმართავენ?

– ძირითადად, მაინც ითხოვენ ბინებს, რომლებიც მდებარეობს მეტროებთან ახლოს. აინტერესებთ კორპუსის ბინები და არა კერძო-კაპიტალური სახლები. ბინა უნდა იყოს გარემონტებულ მდგომარეობაში. დიდი მოთხოვნაა 2-ოთახიან ბინებზე. სუფთა და მზიანი უნდა იყოს. დენი, გაზი, წყალი, მაცივარი, სარეცხის მანქანა… ამ ნივთებს ითხოვენ, რომ ბინაში დახვდეთ.

– ვინ აქირავებს ბინებს სტუდენტებზე და რა პირობებს სთავაზობენ, რა მოთხოვნები აქვთ სტუდენტებთან?

– შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ ძირითადად აქირავებენ „ხელშესავლები“ ბინის მქონე მეპატრონეები, რომლებსაც უფრო მაღალი მოთხოვნის მქონე კლიენტებზე ბინის გაქირავება უჭირთ. სხვათა შორის, აქტუალურია მეპატრონესთან ერთად ცხოვრებაც. ოღონდ ასეთ დროს მხოლოდ გოგონებს განიხილავენ. გამქირავებელთა 90%-ს გოგონები უნდათ, ჰგონიათ, რომ ისინი სისუფთავეს და სიწყნარეს უფრო მეტად შეინარჩუნებენ. ბინის მესაკუთრეებს სტუდენტებთან ძირითადად 3 მოთხოვნა აქვთ:

1) ქირის დროული გადახდა;

2) სისუფთავის დაცვა;

3) იყვნენ წყნარად, არ შეაწუხონ მეზობლები.

– შეგიძლიათ გაგვიზიაროთ, როგორ მერყეობს გასაქირავებელი ბინის ფასები სტუდენტებისთვის თბილისის უბნების მიხედვით, ფასები გაზრდილია გასულ წელთან შედარებით?

– დიახ, ფასები გაზრდილია. გეტყვით საიდან იწყება სტუდენტებისთვის გასაქირავებელი ბინის მინიმალური ფასები უბნების მიხედვით და რა პირობები უნდა დახვდეთ ბინაში, როცა ამ ფასს იხდიან.

ქვემოთ მოცემულ მინიმალურ (საწყის) ფასად სტუდენტები შეძლებენ იქირაონ 1-2 ოთახიანი ბინა, რომელშიც უნდა იყოს საწოლი, დენი, გაზი, ცხელი წყალი, გაზქურა.

ინტერნეტი და მაცივარი დაბალბიუჯეტიან ბინებში, როგორც წესი, არ არის. (1000 ლარის ზემოთ არის).

  • დიდუბის რაიონი‎ – 800₾ -საწოლი, დენი, გაზი, ცხელი წყალი, გაზქურა;
  • ვაკის რაიონი‎ – 1200₾ -საწოლი, დენი, გაზი, ცხელი წყალი, გაზქურა, ინტერნეტი, მაცივარი;
  • კრწანისის რაიონი‎ – 1000₾ -საწოლი, დენი, გაზი, ცხელი წყალი, გაზქურა;
  • ნაძალადევის რაიონი‎ – 700₾ – საწოლი, დენი, გაზი, ცხელი წყალი, გაზქურა;
  • საბურთალოს რაიონი‎ – 1050₾ – საწოლი, დენი, გაზი, ცხელი წყალი, გაზქურა,ინტერნეტი,  მაცივარი;
  • ჩუღურეთის რაიონი‎ – 800₾- საწოლი, დენი, გაზი, ცხელი წყალი, გაზქურა;
  • გლდანის რაიონი- 700₾ – საწოლი, დენი, გაზი, ცხელი წყალი, გაზქურა;
  • ისანი-სამგორის რაიონი- 700₾- საწოლი, დენი, გაზი, ცხელი წყალი, გაზქურა;
  • მთაწმინდის რაიონი- 1100₾- საწოლი, დენი, გაზი, ცხელი წყალი, გაზქურა, ინტერნეტი, მაცივარი;
  • ძველი თბილისის რაიონი- 1100₾- საწოლი, დენი, გაზი, ცხელი წყალი, გაზქურა, ინტერნეტი, მაცივარი;

– „რამდენიმე სტუდენტი ვიცხოვრებთ ერთად“ – ეს წინადადება რამდენად მისაღებია ბინის მესაკუთრეებისთვის და რამდენი სტუდენტის ერთად ცხოვრებაა მისაღები?

– ამ ფრაზას უკვე შეეგუებულნი არიან. სასურველია 2 – 3. აი, 4 სტუდენტზე უკვე ფასის ზრდას განიხილავენ. ამ დროს რთულია მეპატრონესთან შეთანხმება, თუ გაზრდილი ფასი სტუდენტებისთვის არ არის მისაღები.

– უცხოელი და ადგილობრივი სტუდენტებისთვის ფასები იდენტურია? თუ მეტს იხდიან, რამდენით მეტს, რომ გვითხრათ დეტალები

– უცხოელი სტუდენტების მეტია, მათ მეტის გადახდის შესაძლებლობა აქვთ. მინიმალური თანხა 400$-დან იწყება და 1000 დოლარსაც სცდება. ისინიც, ძირითადად, ერთად ცხოვრობენ. ბინის მესაკუთრე ხშირად სხვადახვა კრიტერიუმებსაც კი უწესებს. ბინის მეპატრონეებს ევროპელ სტუდენტებზე აქვთ მოთხოვნა. ნაკლებად სურთ მაგალითად ინდოელ სტუდენტებზე ბინის გაქირავება, რადგან 5-ზე მეტი ცხოვრობს ერთ ბინაში, მესაკუთრეს კი ბევრი საზრუნავი აქვს.

– დაგვისახელეთ დაბალი, საშუალო და მდიდარი სტუდენტებისთვის ყველაზე მოთხოვნადი უბნები

– სტუდენტებისთვის ყველაზე მოთხოვნადია დაბალი ფასების ბინები. პოპულარულია ბინის ქირაობა გლდანში, ვარკეთილში, დიდ დიღომში, ისანსა და სამგორში. გეტყვით, რომ ვინაიდან მეტროსთან ახლოს მდებარე ბინების ფასი მზარდია, სტუდენტებისთვის უფრო ხელმისაწვდომია ის ბინები, რომლებიც არ არის მეტროსთან ახლოს, მაგრამ არის კომპაქტურ დასახლებაში და  შედარებით იაფია.  საშუალო ფასებია სანზონაში, ნაძალადევზე, დიდუბეში, ვაჟას კვარტლებში, ავლაბარში. ხოლო მაღალი ფასებია ბინებზე, რომლებიც მდებარეობს ვაკე-საბურთალოსა და ძველ თბილისში.

– და ბოლოს, მიეცით რეკომენდაციები იმ ახალბედა თუ გამოცდილ სტუდენტებს, ვინც ახლა ეძებს საცხოვრებელს და არ სურს მოტყუვდეს გამქირავებლისგან ან არასწორი არჩევანი გააკეთოს

– ექვს რჩევას მოგცემთ:

1. სანამ ბინის შერჩევას დაიწყებთ, კონსულტაცია გაიარეთ ამ საკითხში გამოცდილ პირთან;
2. ამაზე დაყრდნობით განსაზღვრეთ, რა ტიპის უძრავ ქონებას გაწვდებით თქვენი ბიუჯეტით და რა პირობებს უნდა გიქმნიდეთ ეს ქონება;
3. მიაქციეთ ყურადღება საცხოვრებელი ადგილს მდებარეობას. ხშირად, სტუდენტები ერთ კონკრეტულ ტერიტორიას ირჩევენ და იმის იქით არ იხედებიან, რაც კარგი არ არის;
4. სანამ ბინის სანახავად წახვალთ, ზუსტი ადგილმდებარეობა დაადგინეთ და გუგლის რუკით განსაზღვრეთ, თუ რამდენად ოპტიმალურია თქვენთვის მისი მდებარეობა;
5. უშუალოდ ბინაში დააკვირდით რემონტს, ინტერიერს, ავეჯს, კომუნიკაციებსა და მის გადასახადებს. შეამოწმეთ ყველაფერი და დასვით კითხვები, ნუ დაიტოვებთ ეჭვს, რომ რაღაც ისე არ არის;
6. თუ მეპატრონესთან ხელშეკრულებას აფორმებთ, წაიკითხეთ და კარგად გაიაზრეთ რა წერია მასში.

edu.aris.ge