8 თებერვალს ახალციხეში სამცხე-ჯავახეთის არასამთავრობო სექტორი და მასმედია რამდენიმე დონორი ორგანიზაციის წარმომადგენელს შეხვდა.
ახალციხის ზრდასრულთა განათლების ცენტრში „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივის“ ფარგლებში შეხვედრა გაიმართა – „მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“. სამცხე-ჯავახეთში მოქმედი საზოგადოებრივი ორგანიზაციების პანელის შეხვედრა დონორ ორგანიზაციებთან მისალმებით დაიწყო, რის შემდეგაც რეგიონის პრობლემებსა და თავიანთ დაკვირვებებზე, არასამთავრობო ორგანიზაციებზე, მედიაზე, ეროვნულ უმცირესობებსა და სხვა თემებზე ისაუბრეს.
დონორი ორგანიზაციები იმ პროგრამებსაც შეეხნენ, რომლებსაც საქართველოში გეგმავენ და დისკუსია გამართეს.
შეხვედრის მეორე ნაწილში საუკეთესო ახალგაზრდული ინიციატივები პროგრამის „ეს ქვეყანა შენია“ ფარგლებში დაჯილდოვდნენ, რომელშიც სამცხე-ჯავახეთის 60 ჯგუფი მონაწილეობდა. ამ პროგრამის პრეზენტაცია გასული წლის მაისში ახალქალაქში გაიმართა. პროგრამა „ეს ქვეყანა შენია (გააზიარე პასუხისმგებლობა)“ მიზნად ისახავს სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებას, სამოქალაქო ღირებულებების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო ჩართულობის პოპულარიზაციას.
პროექტს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა ახორციელებს. მონაწილეებმა სამოქალაქო ღირებულებებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიმართ მოსახლეობის დამოკიდებულება შეისწავლეს.
დაჯილდოების ცერემონიალი 8 თებერვალს გაიმართა და ვენერა ალექსანიანმა, სოფელ კოჩიოდან, ახალქალაქიდან სპეციალური ჯილდო მიიღო.