დღეს, 1 მაისს, ახალციხეში, შოთა რუსთაველის ძეგლთან არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიის წარმომადგენლებისა და რიგითი მოსახლეობის აქცია გაიმართა.

მიტინგს ესწრებოდა ბევრი ადგილობრივი მედია, მათ შორის SKnews, TOK TV, Metskhre arkhi, Jnews, Borjomi TV და სხვა, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ახალქალაქიდან და ახალციხიდან, ახალციხის მოსახლეობა და ახალგაზრდები.

მიუხედავად იმისა, რომ რეგიონში მსგავსი პროტესტი არაპოპულარულია, დღეს დემონსტრაციაზე 100-მდე ადამიანი მივიდა.

გამომსვლელებმა ისაუბრეს იმ სარგებელზე, რომელსაც სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფები არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის შედეგად უცხოური დაფინანსებით ღებულობენ. მათ ასევე გამოთქვეს პოზიცია ე.წ. „საგარეო აგენტების შესახებ კანონის“ მიღებასთან დაკავშირებით, რომელიც საბოლოო ჯამში მიზნად ისახავს სამოქალაქო საზოგადოების აღკვეთას და ხელისუფლების თავისუფალ კრიტიკას საქართველოში.

აღვნიშნავთ, რომ კანონის მიღების შემთხვევაში საფრთხე დაემუქრება ყველა ზემოხსენებულ ორგანიზაციას და მედიასაშუალებას, რომელიც რეგიონის მოსახლეობას ყოველდღიურად აწვდის ინფორმაციას.