მიწის სისტემატური რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში ახალციხის მუნიციპალიტეტში სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი ბესიკ ამირანაშვილი, მისი მოადგილე შოთა როსტიაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვიცე-პრეზიდენტი ვახტანგ ბოხაშვილი და სააგენტოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს და დეტალურად იქნა წარმოდგენილი მიწის რეგისტრაციის სისტემური რეფორმის ფარგლებში განხორციელებული სამუშაოები.
თებერვლის დასაწყისში ახალქალაქის მუნიციპალიტეტში მიწის რეგისტრაციის პროცესი განახლდა. გაზომვები დაიწყო როგორც ქალაქში, ასევე სოფელ კულიკამსა და ხულგუმოში, სხვა სოფლებშიც უნდა გაგრძელდეს. რაც შეეხება ახალციხეს, უახლოეს თვეებში ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლები სრულად შეისწავლება.
მიწის ნაკვეთების სისტემატური რეგისტრაცია ხორციელდება საქართველოს მასშტაბით, ქვეყნის 59 მუნიციპალიტეტში (თვითმმართველი ქალაქებისა და ოკუპირებული ტერიტორიების გარდა).
2022 წლიდან გაზომილია 776 297 მონაკვეთი. საკუთრების უფლება რეგისტრირებულია 603 110 მიწის ნაკვეთზე.
გეგმა-განრიგის მიხედვით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო 2022-2024 წლებში კერძო, სახელმწიფო თუ მუნიციპალური ქონების ნაკვეთების გაზომვას და რეგისტრაციას ახორციელებს.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტში სასოფლო-სამეურნეო მიწისა და სახლების უფასო რეგისტრაცია 2022 წლის დეკემბერში სოფელ დილისკადან დაიწყო. სახელმწიფო რეესტრის თანამშრომლებმა სოფლის მცხოვრებთა 17%-ს სახლები და მიმდებარე მიწის ნაკვეთები გაზომეს და წავიდნენ. ამის შემდეგ მუნიციპალიტეტში მიწის ნაკვეთებისა და საცხოვრებელი სახლების უფასო რეგისტრაცია 2023 წელს შეჩერდა და მხოლოდ მიმდინარე წლის დასაწყისში განახლდა.
რეფორმის განხორციელების შედეგად შეიქმნება ერთიანი ზუსტი საკადასტრო და სამართლებრივი გეგმა (რუკა). განვითარდება უძრავი ქონების ბაზარიც.