ზამთრის სიცივეების მიუხედავად, სოფელ სულდასა და დადეშის მცხოვრებლებს სასმელი წყალი მეზობელი სოფლებიდან მოაქვთ. თუ ადრე წყალი გრაფიკის მიხედვით მიეწოდებოდათ, ახლა ყინვის გამო იგი საერთოდ შეუწყდათ.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ სულდას მოსახლეობას წყლის პრობლემა მუდამ ჰქონდა. თუ წყალი ორ დღეში ერთხელ მაინც მიეწოდებოდათ, ახლა იანვრიდან აღარ აქვთ, რადგან მილები გაიყინა.
სოფლის მოსახლეობამ მილები რამდენიმე დღით გაალღო, თუმცა წყალმომარაგების სათავე კვლავ გაყინულია, რასაც სარქველების პრობლემაც ემატება.
„გავალღვეთ, გავარემონტეთ, ვცდილობთ სოფლისთვის საკმარისი წყალი მივიღოთ. ახლა კი სარქველების პრობლემაც გაჩნდა, რადგან მწყობრიდან გამოვიდა. წყალმომარაგებას დავუკავშირდით, სარქველი ძალიან სწრაფად მოგვაწოდეს და ხვალ გამოვცვლით. ზოგადად, ბევრი პრობლემა გვაქვს, წელს კი ამინდის გამო ყველაფერი გართულდა“, – განმარტავს სოფელ სულდას სპეციალისტი ზარზანდ კუჯოიანი.
სოფელ სულდაში იმედოვნებენ, რომ მომავალ წელს წყლის პრობლემა აღარ იქნება. სოფელ დილიფიდან ახალი მილსადენი შენდება, რომელიც წყალს მთელ სოფელს შეუფერხებლად მიაწვდის. ტენდერი უკვე ჩატარდა, სამუშაოების ნახევარი დასრულდა და წლის ბოლომდე სოფელი სასმელი წყლით უზრუნველყოფილი იქნება.
სულდა წყალს ოთხი სხვადასხვა სათავე აქვს. ახლა სოფელში წყალი სოფელ კათნატუდან მიედინება, რომელიც ორ დღეში ერთხელ ორი საათის განმავლობაში უერთდება.
მოსახლეობა ამ წყალს მხოლოდ საყოფაცხოვრებო საჭიროებისთვის იყენებს, სასმელი წყალი კი მეზობელი სოფლებიდან მოაქვს.
სოფელ დადეშსაც იგივე პრობლემა შეექმნა: რამდენიმე დღე წყალი არ ჰქონდათ. მოსახლეობამ ალტერნატიული გზა იპოვა და ახლა წყალი ისევ აქვთ, მაგრამ სულდას მცხოვრებლების მსგავსად, გრაფიკის მიხედვით იღებენ.
„ორი წყალსადენი გვაქვს, ერთი ჩვენი მთიდან მოდის, მეორე სოფელ კათნატუდან. ამიტომ გადავწყვიტეთ და წყალსადენის დაზიანებული მონაკვეთების გარემონტების შემდეგ ორივე შევაერთეთ და ახლა დღეში 80 ტონა წყალი გვაქვს”, – ჰყვება ედგარ თუმანიანი, სოფელ დადეშის სპეციალისტი.
ერთ დღეს წყალი სოფელ დადეშის ერთ ნაწილს მიეწოდება, მეორე დღეს კი მეორე ნაწილს.
სასმელი წყლის საკითხის „მოგვარების“ შემდეგ პირუტყვის სასმელი წყალი გაიყინა.
შეგიძლიათ გაეცნოთ:
სულდაში მოსახლეობა წყლის გარეშე დარჩა
სოფელ სულდას სასმელი წყალი გრაფიკით მიეწოდება