ახალქალაქის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის უკანასკნელი მონაცემებით, მუნიციპალიტეტში C ჰეპატიტით და შიდსით არავინ დაავადებულა, ტუბერკულოზი კი 11 პაციენტს აღენიშნა.

ტუბერკულოზი ქრონიკული ინფექციაა, რომელიც ბაქტერიებით არის გამოწვეული. დაავადების შემთხვევაში ხშირად სასუნთქი ორგანოები, ზოგადად კი ძვლები და სახსრები, სასქესო ორგანოები, თვალები და პერიფერიული ლიმფური კვანძები ზიანდება.

ტუბერკულოზით დაავადების წყარო ავადმყოფები არიან, ყველაზე ხშირად ინფექცია ფილტვის ტუბერკულოზით დაავადებულ პაციენტებთან კონტაქტით, ნახველით, ჰაერის ჩასუნთქვით გადადის. მიკრობაქტერიების აქტიური გამონადენის მქონე პაციენტს ხველით შეუძლია წელიწადში ათზე მეტი ადამიანი დააინფიციროს.

„ეს ინფექციაა, რომელმაც შეიძლება სიკვდილი გამოიწვიოს, მაგრამ ახლა მას ვკურნავთ. იგი ნერწყვითაც გადადის. თუ ტუბერკულოზით დაავადებული იცავს ჰიგიენურ ნორმებს და აცალკევებს ჰიგიენურ საშუალებებს, სხვებს არ დააინფიცირებს. საქართველოში მისი მკურნალობა უფასოა. არ არის დაფიქსირებული შემთხვევები, როცა ერთი ოჯახიდან რამდენიმე ადამიანი დაავადებულა. ამჟამად ძირითადად მამაკაცები ავადმყოფობენ, ისინი მუდმივად მუშაობენ და ნაკლებად ინფორმირებულნი არიან საცხოვრებელი პირობების შესახებ. მთავარია თვითმკურნალობას არ მიმართონ, ექიმთან მივიდნენ და დაავადების დასადგენად ანალიზები გაიკეთონ“, – აცხადებს ახალქალაქის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი სირანუშ ტონაკანიანი.

იგი ტუბერკულოზის პირველ სიმპტომებზეც სუბრობს – სისუსტე, ოფლიანობა, ტემპერატურის მატება. დაავადებული პაციენტები ექიმებთან არიან ჩაწერილი და მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან მათი ოჯახის წევრებიც, რომლებსაც სიმპტომების გამოვლენისას პერიოდულად უტარდებათ გამოკვლევა.