წლიდან წლამდე ნაგვის პრობლემის მოსაგვარებლად სულ უფრო მეტი კეთდება, თუმცა ნაგავსაყრელები კვლავ ახალქალაქის სოფლების „სავიზიტო ბარათად“ რჩება. ახალქალაქში მოქმედმა ხუთწლიანმა „ნარჩენების მართვის“ გეგმამ ძირითადი მიზნები სისრულეში ვერ მოიყვანა – უსახსრობით დაწყებული მოსახლეობის დამოკიდებულებით დასრულებული. მუნიციპალიტეტმა ახალი სტრატეგია შეიმუშავა და მომდევნო ხუთი წლის სამოქმედო გეგმა დაიწყო, რომლის მთავარი მიზანი ნარჩენების დახარისხება და გადამუშავებაა.
კულიკამში მთელი წლის განმავლობაში ნაგავი გროვდება
მელსიდა მარაბიანი ერთ-ერთია, ვინც კულიკამში მცხოვრებლებისთვის ნაგვით მიყენებული ზიანისა და ნარჩენების დახარისხების პრინციპის ახსნას ცდილობს.
„მაგალითად, ბებიაჩემმა მთელი ნაგავი შეაგროვა და მდინარეში გადაყარა, მისთვის სისუფთავე მდინარეში ნაგვის გადაყრას ნიშნავს. ასე უფროსი ადამიანის უმრავლესობა ფიქრობს. თუმცა ჩვენმა თაობამ უკვე იცის რა ზიანს ვაყენებთ ბუნებას, როცა ნაგავს მდინარეში ვყრით“, – აცხადებს პროგრამის “ნარჩენების მართვის” კოორდინატორი მელსიდა მარაბიანი.
მელსიდა მარაბიანი პროექტის მსვლელობისას. ფოტო – მელსიდას პირადი ფეისბუქის გვერდიდან
2021-2022 წლებში კულიკამის ახალგაზრდულმა ცენტრმა სოფელში ნაგვის შეგროვებისა და დახარისხების რამდენიმე პროგრამა განახორციელა. თავდაპირველად საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა, ახალგაზრდები ნარჩენების დახარისხებისა და გადამუშავების მნიშვნელობას გაეცნენ და პრაქტიკულ სამუშაოზე გადავიდნენ.
„ვატარებთ ტრენინგებს, ვაკეთებთ პლაკატებს, დავამონტაჟეთ ყუთები და ნაგვის შეგროვება/დახარისხება დავიწყეთ. თავდაპირველად სოფლის სკოლა შემოგვიერთდა, შემდეგ სადღესასწაულო დარბაზი. სკოლიდან ქაღალდი გამოგვქონდა, სადღესასწაულო დარბაზიდან – ბოთლები“, – განმარტავს მელსიდა.
ერთი წლის განმავლობაში ცენტრის ახალგაზრდებმა 600-700 კგ პლასტმასი, მინა და ქაღალდი თბილისის გადამამუშავებელ ქარხანაში გადააგზავნეს, ვინაიდან ასეთი საწარმოები ახალქალაქსა და რეგიონში არ არსებობს.
კულიკამას ახალგაზრდული ცენტრის ნარჩენების დახარისხებისა და გადამუშავების ყოველწლიურმა პროგრამამ ბევრი გააკვირვა, რადგან ეს კულიკამასა და მთელი რეგიონისთვის სიახლე იყო. პროექტის დასრულებიდან ერთი წლის შემდეგ ამ სამუშაოს რამდენიმე ადამიანი აგრძელებს. სოფლის ცენტრში მდებარე ნაგვის ურნები პლასტმასის ბოთლებით და ქაღალდით ივსება. მელსიდა დარწმუნებულია, რომ ერთი-ორი პროგრამით საერთო სურათის შეცვლა შეუძლებელია, მაგრამ თანმიმდევრული ნაბიჯების გადადგმის შემთხვევაში, სასურველი შედეგს მიაღწევენ.
ნარჩენების შეგროვება ახალქალაქის სოფლებში
ქალაქ ახალქალაქსა და მუნიციპალიტეტის 64 სოფლიდან მუნიციპალური ნაგვის შეგროვების სამსახური მხოლოდ 43-ში ფუნქციონირებს. მერიის მიერ ქალაქის ქუჩებსა და მუნიციპალიტეტის ცენტრალურ გზებზე დამონტაჟებული სანაგვე ურნებიდან ნაგავი ყოველდღე, ხოლო სოფლებში კვირაში სამჯერ გროვდება. ახალქალაქის სერვისცენტრის ცნობით, დაახლოებით 21 სოფელში ნაგავი ურნებისა და სპეციალური ტექნიკის არასაკმარისი რაოდენობის გამო არ გროვდება. ამ სოფლებში მოსახლეობა ნაგავს დამოუკიდებლად „სახლიდან შორს“ პრინციპით აგროვებს.
მუნიციპალიტეტის ყოველი სოფლის დასაკმაყოფილებლად სერვისცენტრს არანაკლებ 5 ახალი ნაგვის შემგროვებელი, გასატანი მანქანა და ნაგვის ურნები ესაჭიროება.
მიმდინარე წლიდან ახალქალაქის მუნიციპალიტეტი ნაგავს დაახარისხებს და გადასამუშავებლად გაგზავნის.
„უკვე დავგეგმეთ და წელს შესაბამის სანაგვე ურნებს შევიძენთ. ჯერ ქალაქში განვალაგებთ, შემდეგ კი მიმდებარე სოფლებში. თავდაპირველად ზოგადი ნარჩენებისგან პლასტმასს, ქაღალდსა და მინას გამოვყოფთ. მოსახლეობისგან გაგებას და დახმარებას ველით“, – განმარტავს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების სამსახურის უფროსი მნაცაკან ფამბუხჩიანი.
თუმცა ახალქალაქელები დარწმუნებულნი არიან, რომ ნაგავი სოფლების „სავიზიტო ბარათად“ მანამ დარჩება, სანამ პასუხისმგებელი ორგანოები შესაბამისი პირობების შექმნის ნაცვლად მოსახლეობის დაბალ თვითშეგნებაზე გაამახვილებენ ყურადღებას.
„ახალქალაქში მანამ არ შეიცვლება არაფერი, სანამ ჩვენი ხელისუფლება ნაგვის შეგროვების უმთავრეს პრობლემას არ გადაწყვეტს. სიტუაცია ირონიულია: სოფელში ნაგვის ურნა ან არასაკმარისი რაოდენობითაა, ან საერთოდ არ არის, მთავარ პრობლემად კი სოფლელთა თვითშეგნება რჩება. ნუ ელით, რომ სოფლის მკვიდრი ნაგვის გადაყრას შეწყვეტენ, რადგან იძულებულებნი არიან ასე მოიქცნენ“, – აღნიშნავს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მკვიდრი მარინე ღაზარიანი.
სოფელ ბეჟანოს მოსახლეობა ნაგავს სოფლისკენ მიმავალ გზაზე ყრის
ახალქალაქის სერვისცენტრმა, რომელსაც მუნიციპალიტეტის ქალაქებსა და სოფლებში ნაგვის შეგროვება ევალება, 2018 წელს, დაარსების პირველ წელს, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 847 000 ლარი მიიღო, 2022 წელს – ცენტრის ბიუჯეტიდან 905 900 ლარი, წელს კი 1 015 000 ლარი.
ქალაქსა და სოფლებში, სადაც სერვისცენტრი ფუნქციონირებს, მოსახლეობა ნაგვის შეგროვებაში იხდის თანხას, თუმცა ცენტრის ხარჯებთან შედარებით, მოსახლეობისგან დარიცხული თანხა სიმბოლურია. ნაგვის შეგროვებისთვის თითოეული ადამიანი 40-ის ნაცვლად 50 თეთრს იხდის – თუ ოჯახში 4-ზე მეტი წევრია, მაშინ ამ თანხას მხოლოდ 4 პირი იხდის. იურიდიული პირები ადრეც და ახლაც 1 მ³ საყოფაცხოვრებო ნარჩენში 25 ლარს იხდიან.
შესაძლოა ამ ხუთი წლის განმავლობაში ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ნაგვის შეგროვების საფასური გაიზარდოს.
„შეგროვებული თანხა უმნიშვნელოა, შეიძლება ითქვას, რომ სიმბოლურია. მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ნაგვის შეგროვების ხარჯები სრულად დაიფაროს მცხოვრებლების გადასახადებით და გადამუშავებიდან მიღებული შემოსავლებით“, – ამბობს ფამბუხჩიანი.
სულ 2018 წელს ქალაქ ახალქალაქსა და სოფლებში დამონტაჟდა 278 ნაგვის ურნა (თითოეული 1,1 მ³ ტევადობით). დღევანდელი მონაცემებით, სულ დამონტაჟდა 521 ნაგვის კონტეინერი, აქედან 456 კონტეინერი 1,1 მ³ ტევადობით, 56 0,5 მ³ ტევადობით და 9 კონტეინერი 5,5 მ³ ტევადობით.
სერვისცენტრი ყოველწლიურად საშუალოდ 30 000 მ³-მდე ნარჩენს აგროვებს. თუმცა, მერიაში ზუსტად არ არის გამოთვლილი, რა რაოდენობის ნარჩენები გროვდება ახალქალაქის მუნიციპალიტეტში.
ნაგავი ყველგან გვხვდება – ახალქალაქში, სოფლებში, გზის პირებზე, მდინარეებსა და ხეობებში. ახალქალაქის მერიაში აცხადებენ, რომ ეს სურათი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიცვლება, თუ მოსახლეობა და მერია ერთობლივად და შეთანხმებულად იმოქმედებენ. ქალაქის ხელისუფლების მომავალი 5-წლიანი გეგმის „ნარჩენების მართვის“ მიხედვით, უადგილო ადგილას ნაგვის გადაყრისთვის პირი დაჯარიმდება და მუდმივი მონიტორინგი სიტუაციას შეცვლის.
ახალქალაქის სოფლების შესასვლელი
ნაგავსაყრელი ხელოვნური ტბის ნაცვლად
სოფელ ხანდოს ნაგავსაყრელს ათწლეულების ისტორია აქვს. ხელოვნური ნაგავსაყრელი თავად მცხოვრებლებმა „დააარსეს“ და სოფლებში ნაგავი საერთოდ აღარ გროვდებოდა. ნაგვის პრევენცირების მიუხედავად, ხელოვნური ნაგავსაყრელის საჭიროება არ გამქრალა. წელიწადში 1-2-ჯერ სოფლის მოსახლეობა ნაგავსაყრელს მიწით ფარავს და ტრაქტორით ასწორებს, რათა ქარმა ნაგავი ზედმეტად არ გაფანტოს.
მიუხედავად იმისა, რომ დღეს სოფელ ხანდოში 10 ნაგვის ურნაა (1,1 მ³ მოცულობით და 1 კონტეინერი ნაგავსაყრელთან 5,5 მ³ მოცულობით) დამონტაჟებული, ხელოვნურ ნაგავსაყრელზე ნაგავი არ მცირდება.
სოფლის მახლობლად ხანდოელების მიერ „დაარსებული“ ნაგავსაყრელი
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების სამსახურის უფროსის, მნაცაკან ფამბუხჩიანის თქმით, ხანდოს ხელოვნური ნაგავსაყრელი მთლიანად 2023 წელს გაიწმინდება, რადგან მერია იქ ხელოვნური ტბის გაშენებას გეგმავს.
ნაგავსაყრელიდან გადამუშავებამდე
ახალქალაქი-ნინოწმინდის გზის მიმდებარე ტერიტორიაზე, რომელიც ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის შემადგენლობაში შედის, 2012-13 წლებში სახელმწიფომ 2 000 მ³ მიწის ნაკვეთი ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტების ნაგვის ერთ ადგილზე მოსაგროვებლად გამოყო. გამოყოფილი ფართობის ნახევარი ნაგვით დაიფარა.
ნაგავსაყრელს ტერიტორიული განვითარებაზე ინფრასტრუქტურის სამინისტროს იურისდიქციის ქვეშ მყოფი საქართველოს „მყარი ნარჩენების მართვის კომპანია“ ზრუნავს.
ნინოწმინდა-ახალქალაქის გზატკეცილის დროებითი ნაგავსაყრელი
ნაგავსაყრელი ორი მუნიციპალიტეტის ნარჩენების შესაგროვებლად და გადასამუშავებლად მოეწყო. სამცხე-ჯავახეთში ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხანა არ არსებობს, თუმცა საქართველოს ტერიტორიული ინფრასტრუქტურის სამინისტრო 2018 წლიდან გვპირდება, რომ ქარხანა ასპინძაში აშენდება, სადაც სამცხე-ჯავახეთის მთელი ნაგავი გადამუშავდება, თუმცა ქარხნის მშენებლობა არც დაწყებულა.
საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის უფროსი ოპერატორის, გურამ კეკიშვილის თქმით, ქარხნის მშენებლობა 2020 წელს უნდა დაწყებულიყო, თუმცა ყოველწლიურად სხვადასხვა მიზეზით ჭიანურდება. ამავდროულად, კომპანიის თანამშრომლები ნაგავსაყრელზე დაგროვილი ნაგვის კონსერვაციაზე სამ დღეში ერთხელ მუშაობენ.
ამ ტერიტორიაზე ყოველდღიურად 12-13 მანქანა ნაგავი იყრება
„მშენებლობა 2020 წელს არ დაწყებულა, მაგრამ, როგორც ჩემთვის არის ცნობილი, ტერიტორია უკვე არჩეულია და გაზაფხულზე იქ ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობა უნდა დაიწყოს. პატარა ნაგავსაყრელები შეიქმნება, მაგრამ ნაგავი გადამამუშავებელ ქარხანაში სპეციალური მანქანებით გადავა“, – აცხადებს გურამ კეკიშვილი.
სამცხე-ჯავახეთში 4 ნაგავსაყრელია: ასპინძაში, ახალციხეში, ბორჯომსა და ახალქალაქ-ნინოწმინდის საავტომობილო გზის მიმდებარედ.
უახლოეს წლებში საქართველო ნარჩენების გატანისა და გადამუშავების სფეროში კონკრეტული შედეგების მიღწევას გეგმავს, რაც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით უკვე უნდა შესრულებულიყო.
2026 წლისთვის საქართველომ ახალი საერთაშორისო სტანდარტებით ნაგავსაყრელების პრენეცირება და ნაგვის გატანის ორგანიზება უნდა შეძლოს. საქართველო ყველა არსებული ნაგავსაყრელის დახურვას და ქვეყნის მასშტაბით მხოლოდ 10 ახალი სანიტარული ნაგავსაყრელის შექმნას გეგმავს. ამ თემას „ნარჩენების მართვის 2022-26 წლების სამოქმედო ეროვნული გეგმა“ ეხება, რომელიც 2022 წლის 8 აგვისტოს გამართულ მთავრობის სხდომაზე დამტკიცდა.
პროექტის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი ყველა დასახლებაში ნაგვის შეგროვებისა და საყოფაცხოვრებო ნარჩენებისთვის ახალი კომუნალური სერვისის შემოღებაა.
მიმდინარე ხუთ წელიწადში ხარვეზებზე ახალქალაქის მუნიციპალიტეტიც იმუშავებს. 2023-24 წლებში მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შექმნილი ყველა ხელოვნური ნაგავსაყრელის ლიკვიდაცია, ეტაპობრივად გაწმენდა იგეგმება. ნარჩენების დასალაგებლად შესაფერის ურნებსაც შეიძენენ. 2023 წელს სპეციალური უნიფორმის შეძენა, ქუჩების დასუფთავების კონკრეტული გრაფიკის შემუშავება, ტურისტულ ზონებში სანაგვე ურნების დამონტაჟება და რაოდენობის გაზრდა, მონაცემთა რუკის შექმნა იგეგმება, სადაც ნაგავსაყრელების მდებარეობა და სტატისტიკური ანალიზი იქნება მითითებული. 2024 წელს კი საპატრულო მანქანას შეიძენენ. 2023-26 წლებში ქაღალდის, მინის, პლასტმასის და ორგანული ნარჩენების შეგროვებისა და ტრანსპორტირებისთვის 4 სპეციალური მანქანა გამოიყოფა. 2023-2027 წლებში კი კომპოსტირების ექსპერიმენტული ადგილის შექმნა იგეგმება.
2023 წლიდან ახალქალაქში ნაგვის დახარისხება დაიწყება
თუ რამდენიმე წლის წინანდელ და ახლანდელ მდგომარეობას შევადარებთ, პროგრესს დავინახავთ, თუმცა ზოგან არაფერი შეცვლილა. მაგრამ საზოგადოების განვითარების შემთხვევაში, როგორც მთლიან ქვეყანაში, ისე მუნიციპალიტეტში, ნაგავი „სავიზიტო ბარათი” აღარ ინება. ახალი ხუთწლიანი გეგმა ამ პრობლემების აღმოფხვრას ითვალისწინებს, ხოლო გეგმა დასახულ მიზანს მიაღწევს თუ არა, ამას დრო გვიჩვენებს.