ახალქალაქში უსახლკარო ძაღლების დაჭერის და მათი თავშესაფარში გადაყვანის პროცესი გრძელდება. წლეულს 100-ზე მეტი უსახლკარო ძაღლია თავშესაფარში გადაყვანილი, რომლებიც აცრები შემდეგ კვლავ უკან დააბრუნეს.
ახალქალაქში, გასულ კვირას რიგით მეხუთე რეიდი ჩატარდა. დაიჭირეს 20 ძაღლი. ისინი ოზურგეთის თავშესაფარში სპეციალური ბადეებიანი მანქანით გადაიყვანეს, ხოლო დაავადებულებს ევთანაზიას უტარებენ. უსახლკარო ძაღლების აცრა ახალქალაქში აგვისტოდან მოყოლებული მიმდინარეობს.
რამაზ გოგოლაძე, რომელიც უშუალოდ მონაწილეობს ძაღლების დაჭერაში, ამბობს, რომ ამ ეტაპზე უკვე 100-ზე მეტი უსახლკარო ძაღლი დაიჭირეს, მაგრამ პროცესი გრძელდება. მისივე თქმით, აცრების შემდეგ ზოგიერთი ძაღლი უკვე დააბრუნეს.
“ამჯერად 20 ძაღლი დავიჭირეთ, კიდევ 2-3 რეიდი დარჩა”, – ამბობს ის.
უსახლკარო ძაღლების დაჭერის და თავშესაფარში გადაყვანის ტენდერი ფიზიკურმა პირმა, ოზურგეთის მცხოვრებმა, ლერი ჩხარტიშვილმა მოიგო. ამისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 16`881 ლარი გამოიყო.
ძაღლები საერთაშორისო ნორმების გათვალისწინებით უნდა დაიჭირონ და სპეციალური მანქანებით გადაიყვანონ. საჭიროების შემთხვევაში ცხოველებს ჩაუტარდება: სტერილიზაცია/კასტრაცია, ვაქცინაცია, იდენტიფიკაცია. საშიში დაავადებების მქონე ძაღლებს საჭიროების შემთხვევაში ევთანაზიას (ცხოველის უმტკივნეულოდ მოკვდინება) გაუკეთებენ და დამარხავენ.