2022 წელს საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 5,592 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 31.8%-ით მეტია გასული წლის მაჩვენებელზე. ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე), მთლიანი ექსპორტის 66.2 %-ს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით 18.4 პროცენტით გაიზარდა და 3,704 მლრდ აშშ დოლარს გაუტოლდა.
2022 წელს ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 80.1 პროცენტი შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორებია: ჩინეთი (694.8 მლნ აშშ დოლარი), რუსეთი (536.1 მლნ აშშ დოლარი) და ბულგარეთი (419.9 მლნ აშშ დოლარი).
2022 წელს ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე სპილენძის მადნები და კონცენტრატები არის წარმოდგენილი 1,024 მლრდ აშშ დოლარით, აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 27.7 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილზეა ფეროშენადნობები 453.3 მლნ აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 12.2 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილს იკავებს აზოტოვანი სასუქები 281.4 მლნ აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 7.6 პროცენტი).