რაში ხარჯავს ახალქალაქის მუნიციპალიტეტი დიდ თანხებს, ბიუჯეტის რომელი მუხლები არ იცვლება და რა არის ახალი 2023 წლის ბიუჯეტში – Jnews-მა მუნიციპალიტეტის 2023 წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტი განიხილა და გასულ წელს შეადარა.
2023 წელს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი ცენტრალური ბიუჯეტის დაფინანსების გარეშე 16 460 000 ლარს შეადგენს: 13 900 000 ლარი გადასახადი, 2 035 000 ლარი არასაგადასახადო შემოსავალი, 110 000 ლარი არაფინანსური აქტივები და 415 000 ლარი გრანტები.
როგორც ყოველთვის, მუნიციპალური ხელისუფლებისა და დაწესებულებების ხარჯები საკმაოდ ძვირია, ამიტომ ბიუჯეტის 57% საკრებულოს, მერიის და მერიასთან დაკავშირებულ დაწესებულებებზე იხარჯება. საკანონმდებლო ორგანოს – საკრებულოს ხარჯები 1 294 860 ლარია, ხოლო აღმასრულებელი ხელისუფლების – მერიის – 3 566 530 ლარი. მუნიციპალური დაწესებულებებისთვის გამოყოფილი სუბსიდიები 4 514 200 ლარს შეადგენს – ჯამში 9 375 590 ლარი.
ტრადიციული ხარჯვა
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სახელფასო ფონდი გასულ წელთან შედარებით 95 400 ლარით გაიზარდა და 814 500 ლარს შეადგენს. მასში შედის როგორც ხელფასი, ასევე დანამატები 17 500 ლარის ოდენობით. თუ შარშან კონტრაქტით საკრებულოს თანამშრომელთა ხელფასზე 67 600 ლარი იყო გამოყოფილი, წელს ეს თანხა 73 600 ლარია. 3 000 ლარით გაიზარდა მივლინების თანხაც (5 000 ლარი). საერთო ჯამში, საკრებულოს ხარჯებისთვის 1 294 860 ლარია გამოიყო (2022 წელს თანხა 1 094 300 ლარს შეადგენდა).
ახალქალაქის მერიის სახელფასო ფონდი 203 900 ლარით გაიზარდა და 1 706 000 ლარს შეადგენს (2022 წელს – 1 502 100 ლარი). მასში შედის ხელფასი – 1 575 000 ლარი (2022 წელს – 1 382 100 ლარი) და დანამატები – 131 000 ლარი (2022 წელს – 120 000 ლარი). გაიზარდა ხელშეკრულებით დასაქმებულთა სახელფასო ხარჯებიც: 1 115 900 ლარიდან 1 243 000 ლარამდე. მივლინების თანხა გაორმაგდა და 10 000 ლარი შეადგინა.
საინტერესოა, რომ მერიის ხარჯებში შედის „ეკლესიების ელექტროენერგია“ (30 000 ლარი), „ეკლესიების გათბობა“ (50 000 ლარი), „სათვალთვალო კამერების თვალყურის დევნა“ (11 700 ლარი). ჯამში ახალქალაქის მერიის ხარჯებისთვის 3 566 530 ლარი გამოიყო, რაც შარშანდელზე 199 552 ლარით ნაკლებია.
კეთილმოწყობისთვის, სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის, ქალაქისა და სოფლების მოვლა-პატრონობისა და სხვა სამუშაოებისთვის, რაც „ეკონომიკის“ ხარჯების პუნქტში შედის, 4 728 410 ლარია გამოყოფილი.
მუნიციპალური დაწესებულებებისთვის 4 514 200 ლარი გამოიყო. ფინანსდება როგორც საგანმანათლებლო, ასევე სპორტული მუნიციპალური დაწესებულებები და საბავშვო ბაღები.
საინტერესო ფაქტები
უკრაინის დასახმარებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 10 000 ლარი გამოიყო, წელს ეს მუხლი ცარიელია.
წინა წლის მსგავსად, წელსაც მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სარაგბო კლუბში 55 000 ლარი შევიდა. სპორტის ამ სახეობა, რომელიც ახალქალაქში განვითარებული არ არის, უკვე რამდენიმე წელია ფინანსდება.
წელს “ამირანის გორის” ბავშვთა საზაფხულო ბანაკისთვის თანხები არ არის გამოყოფილი, თუმცა 2022 წელს 7 140 ლარით დააფინანსეს. გამოყოფილი თანხის მიუხედავად, ბანაკი არც გასულ წელს მოეწყო.
სპორტული ინვენტარის შესაძენად წელს 23 100 ლარია გამოყოფილი, შარშან კი ეს სფერო არ დაფინანსებულა.
“ჯივანის” ტრადიციული ფესტივალის ჩასატარებლად, გასული წლის მსგავსად, 10 000 ლარია გამოყოფილი, თუმცა იგი სოფელ ვარევანსა და სოფელ სულდაში არ ფინანასდება. ამ ღონისძიებებისთვის 500 ლარი გამოიყო.
2022 წლის მსგავსად, ქალაქის დღის აღსანიშნავად 35 000 ლარი დაიხარჯა.
გენდერული თანასწორობის ღონისძიებისთვის შარშანდელი 3 000 ლარის ნაცვლად, წელს 5 000 ლარია გამოყოფილი.
საახალწლო ღონისძიებების ჩასატარებლად წელს 60 000 ლარია გამოყოფილი.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მხატვრულ ღონისძიებებში მონაწილეობისთვის, გასული წლის მსგავსად, 4 000 ლარი გამოიყო, თუმცა მსგავსი ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია 2022 წელს არ გავრცელებულა.
ფული ინფორმაციისთვის
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 4 მედიასაშუალებაზე სულ 55 900 ლარია გამოყოფილი: