ახალქალაქში ტრანსპორტის პრობლემა კვლავ აქტუალურია. ამ საკითხზე უთანხმოება არ ცხრება. ვერანაირ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, მძღოლებიც და მგზავრებიც უკმაყოფილონი არიან.
სხვადასხვა სოფლების მცხოვრებლებს ყოველთვის არ აქვთ შესაძლებლობა ქალაქში ჩავიდნენ საკუთარი მანქანით, ამიტომ ხშირად უწევთ საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობა, რომელიც რეგულარულად არ მუშაობს. მგზავრების ერთ-ერთი პრეტენზია ის არის, რომ არ არის დადგენილი გრაფიკი, რომლის მიხედვითაც მძღოლი სოფლიდან ქალაქში ჩავა, არის შემთხვევები, როცა მგზავრები ცოტაა და მძღოლი წყვეტს ქალაქში წავიდეს თუ არა.
Jnews-თან ინტერვიუში სოფელ ორჯას ერთ-ერთი მცხოვრები, რომელიც ხშირად სარგებლობს საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ამბობს:
„საჭიროების შემთხვევაში არ მაქვს შესაძლებლობა ჩემი მანქანით ქალაქში ჩავიდე, ჩემთვის უფრო მოსახერხებელია საზოგადოებრივი ტრანსპორტით ვისარგებლო, ვიდრე ყოველ ჯერზე ვთხოვო ვინმეს, რომ ქალაქში წამიყვანოს სამსახურში. მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ეს ყოველთვის გამომდის, რადგან იყო შემთხვევები, როდესაც ტრანსპორტის მოლოდინში ვიყავი და მძღოლს ვურეკავდი, რომელიც აგვიანებდა. რადგან იმ დღეს ჩემს გარდა სხვა მგზავრი არ იყო, მძღოლმა თქვა, რომ არ მიდიოდა. მძღოლსაც არ ვადანაშაულებ, მაგრამ როცა გადაუდებელი საქმე ჩნდება, პანიკას იწყებ, არ იცი, როგორ ჩახვიდე ქალაქში“.
მგზავრები იმასაც ჩივიან, რომ ქალაქში ტრანსპორტი დილაადრიან ჩადის, მგზავრებს უწევთ ლოდინი სანამ მაღაზიები ან სახელმწიფო დაწესებულებები გაიხსნება.
Jnews-თან საუბარში მძღოლები ადასტურებენ, რომ ქალაქში დილით საკმაოდ ადრე ჩადიან, რათა საჭიროების შემთხვევაში მგზავრმა მოასწროს საქალაქთაშორისო ტრანსპორტით (თბილისამდე და ა.შ.) სარგებლობა.
ჩივიან არა მხოლოდ მგზავრები, არამედ მძღოლებიც. Jnews-თან საუბარში სოფელ დილისკადან ქალაქში მიმავალი ტრანსპორტის ერთ-ერთმა მძღოლმა აღნიშნა, რომ სოფლის მოსახლეობა ხშირად, ქალაქში ტაქსით ჩასვლას ამჯობინებს, არის შემთხვევები, როცა მითითებულ დროს, არც ერთი მგზავრი არ არის.
ამ საკითხზე უთანხმოება ორმხრივია: მგზავრები არარეგულარულ მუშაობას აპროტესტებენ, მძღოლები კი ამას მგზავრების არარსებობას უკავშირებენ.
ლიდა ალმასიანი