გასული წლის განმავლობაში ახალქალაქის სპორტული სკოლის სამ ახალგაზრდა კარატისტს კარატეს ინსტრუქტორის ლიცენზია მიენიჭა, რაც, მათი ინსტრუქტორის თქმით, მსოფლიო სტატისტიკის მიხედვით, პატარა ქალაქისთვის რეკორდული მაჩვენებელია.
საბრძოლო სპორტი ახალქალაქში დიდი პოპულარობით სარგებლობს და გასაკვირი არ არის, რომ ადგილობრივები წარმატებასაც აღწევენ როგორც ევროპულ, ისე გლობალურ დონეზე. ახალქალაქში კარატეც დიდი პოპულარობით სარგებლობს.
ბოლო დროს კარატეს ინსტრუქტორის ლიცენზია შავი ქამრის მქონე კარატისტებს გადაეცათ. ამ დრომდე ინსტრუქტორი აქსანა ავეტიანი იყო, ახლა კი ლიცენზია 19 წლის დავით სესაძემ და 18 წლის არტიომ ავაკიანმა მიიღეს.
დავითი ამჟამად სამხედრო სამსახურს ახალქალაქში გადის და სამომავლოდ ამ სფეროში აპირებს მოღვაწეობას. სპორტი კი გეგმების განხორციელებაში ხელს შეუწყობს, რადგან ბავშვობიდან ამით არის დაკავებული.
„10-11 წელია, რაც კარატეს ვვარჯიშობ. საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ არაერთ კონკურსში მივიღე მონაწილეობა. თავდაპირველად ჩვენმა მწვრთნელმა რაფაელ დარბინიანმა თბილისში, გორში მცირე შეჯიბრებებზე გამიყვანა. გამარჯვებების შემდეგ კი დიდ შეჯიბრებებზეც გავედი. შავი ქამარი რომ მივიღეთ, მწვრთნელის ლიცენზია მოგვცეს და გაგვიჩნდა შესაძლებლობა, საკუთარი ჯგუფები ავიყვანოთ და მათთან ერთად ვივარჯიშოთ, პროფესიონალები გავხდეთ“, – ჰყვება 19 წლის დავითი.
არტიომ ავაკიანი 18 წლისაა და დავითის მსგავსად კარატეს 8 წლიდან ვარჯიშობს. იგი სტუდენტია და სომხეთში სამართალზე სწავლობს, არ გამორიცხავს, რომ სამომავლოდ მწვრთნელობაც სცადოს. ბიჭებმა 2021 წელს შავი ქამრები, ახლა კი ლიცენზიები მიიღეს.
„მწვრთნელობას ვაპირებთ, მაგრამ ყოველივე პრაქტიკულობაზეა დამოკიდებული”,- აცხადებს არტიომი.
მწვრთნელის რაფაელ დარბინიანის თქმით, იმისთვის, რომ ახალგაზრდები რეგიონში დარჩნენ, საჭიროა საკუთარი თავის რეალიზებაში დავეხმაროთ და მხარი დავუჭიროთ.
„წვრთნა ყველას არ შეუძლია. მუდამ ვცდილობდი მწვრთნელის დონის გავმხდარიყავი. ეს ძალიან რთული სამუშაოა და ამ ბიჭებს საშუალება ეძლევათ ლეგალურად ჩაერთონ მწვრთნელის საქმიანობაში. ახლა პირველი ნაბიჯების გადადგმაში სჭირდებათ დახმარება. როცა ვეუბნები, რომ მწვრთნელები უნდა გახდნენ, მეკითხებიან, რომელ დარბაზში წავიდნენ, როგორ აიყვანონ მოსწავლეები და ა.შ.“, – განმარტავს მწვრთნელი რაფაელ დარბინიანი.
აქსანა ავეტიანი, რომელმაც მწვრთნელის პირველი ლიცენზია მიიღო, რუსეთში გადავიდა და კარიერული განვითარება სურს.