მონტენეგროში, ახალგაზრდულ საერთაშორისო ტურნირში, ფინალურ ბრძოლაში სპორტსმენმა ახალქალაქიდან, გორ აივაზიანმა აზერბაიჯანის სპორტსმენი დაამარცხა და ჩემპიონი გახდა.
მიმდინარე წლის 18-დან 23 მაისამდე მონტენეგროში, ქალაქ ბუდვაში კრივის საერთაშორისო ახალგაზრდული ტურნირი ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობდა ახალქალაქის სპორტული კომპლექსის სპორტსმენი, გორ აივაზიანი. ის 46 კგ წონით კატეგორიაში იბრძოდა და ოქროს მედალი მოიპოვა. პირველი ბრძოლა შვედეთის სპორტსმენთან ჰქონდა, ხოლო ფინალური ბრძოლა აზერბაიჯანელ სპორტსმენთან, რომელიც დაამარცხა.
გორს გაგიკ ელიზბარიანი ავარჯიშებს. გორი არის საქართველოს ნაკრების წევრი. სამჯერ მიენიჭა საქართველოს ჩემპიონის წოდება, ხოლო 2019 წელს გახდა ევროპის ჩემპიონი.
ამ საერთაშორისო ტურნირში საქართველოდან 6 სპორტსმენი მონაწილეობდა. მონტენეგროდან ქართველი სპორტსმენები 2 ოქროს, 2 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედლით დაბრუნდნენ.