საქართველოში საგანგებო მდგომარეობის მოხსნის შემდეგ საავტომობილო გზების დეპარტამენტი წელს ახალციხე-ახალქალაქი გზის 6 კილომეტრიანი მონაკვეთის (კორხის ხიდიდან ახალქალაქამდე) რეაბილიტაციის ტენდერს გამოაცხადებს.
ახალციხე-ახალქალაქის მაგისტრალი, კერძოდ, ახალქალაქთან ახლოს 50-60კმ-იანი მონაკვეთი მძღოლებისთვის საშიში გახდა. ღრმა ორმოები მოძრაობას საფრთხეს უქმნის. მრავალი წლის განმავლობაში აღნიშნულ მონაკვეთზე ორმოები დროდადრო ქვიშით ივსება, რაც სიტუაციას მხოლოდ რამდენიმე დღით აუმჯობესებდა.
აღნიშნული მონაკვეთის რეაბილიტაციას უკვე მრავალი წელია იპირებიან. რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, ირაკლი ქარსელაძე, 2019 წლის მაისში ჯავახეთს ესტურმა. მან თქვა, რომ ახალციხე-ახალქალაქის გზას, მონაკვეთს ახალქალაქის გასასვლელში, რეაბილიტაცია ჩაუტარდება. თუმცა, 2019 წელს რეაბილიტაცია არ ჩატარებულა, ხოლო 2020 წლის დასაწყისიდან საავტომობილო გზების დეპარტამენტში ამბობენ, რომ რეაბილიტაცია ჩატარდება, მაგრამ დღემდე ვერ დაზუსტდა თუ როდის და კონკრეტულად რომელ მონაკვეთზე ჩატარდება ის.
ამჯერად საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან გვიპასუხეს, რომ აღნიშნული მონაკვეთის რეაბილიტაციის პროექტი 2014 წლიდან არის მზად.
«პროექტი მზად გვაქვს, ჩვენ შევხედავთ, თუ ყველაფერი კარგად იქნება, ტენდერის სამუშაოებს გამოვაცხადებთ. ზუსტ თარიღს ვერ გეტყვით, საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგ, სავარაუდოდ 22 მაისის შემდეგ გამოცხადდება. ახალქალაქში 2 პროექტი დაიგეგმა, ერთი გამოცხადებული იყო, კომპანია «ჯავახ ავტო გზამ» მოიგო, მაგრამ მერე შეწყვიტეს, რადგან არ იცოდნენ თუ რამდენ ხანს გაგრძელდებოდა კარანტინი და რა მოხდებოდა კარანტინის შემდეგ. გამოვაცხადებთ თავიდან»,- თქვა საავტომობილო გზების დაგეგმარების სამსახურის უფროსმა, პავლე გამყრელიძემ.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტში რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი წელს ორი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებას გეგმავს. პირველი პროექტი- ახალქალაქის შესასვლელში 6კმ-იანი გზის რეაბილიტაციაა, კერძოდ კორხის ხიდიდან ახალქალაქამდე, ხოლო მეორე- 2,5კმ გზის რეაბილიტაცია, რომელიც თურქეთსა და სომხეთში მიმავალ ორ მაგისტრალს აერთიანებს.