ქალაქ ახალქალაქის ინფრასტრუქტურის განვითარება სხვადასხვა მიმართულებით რთულად მიმდინარეობს. ამჯერად Jnews-ის კორესპონდენტმა აღმაშენებლის ქუჩის 200-მეტრიანი მონაკვეთი გაიარა და 3 აბრა დააფიქსირა, რომელიც ან შესაცვლელია ან შეკეთება ესაჭიროება. პასუხისმგებელი კომპანია „ჯავახ ავტო გზა“ დუმს.

ამგვარად, აღმაშენებლის ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო ნიშანს – „მოძრაობა პირდაპირ ან მარცხნივ“ სავარაუდოდ მანქანა დაეჯახა და ბოძი ნახევრად მწოლიარე მდგომარეობაშია. ხოლო მის გასწორებას არავინ აპირებს.

znaki_3 აღმაშენებლისა და ერევნის კვეთასთან

მსგავსი ნიშანი, მაგრამ უკვე “მოძრაობა პირდაპირ ან მარჯვნივ”, დგას მყარად, მაგრამ არასწორად. იმის გათვალისწინებით, რომ საავტომობილო გზის სავალი ნაწილის გზაჯვარედინზე განთავსებულია სხვა ნიშნები, ეს ნიშანი არასწორად არის განთავსებული. მას შეუძლია დააბნიოს მძღოლი, რადგან ერევნის ქუჩის კვეთაზე დგას, რომელიც ამ შემთხვევაში მარჯვენა მხარეს კი არა, მარცხენა მხარეს არის. ან ნიშანი არის დამაგრებული უკანა მხარეს, ან საერთოდ არ უნდა იყოს იქ. ორივე შემთხვევაში შეიმჩნევა ქალაქისადმი დაუდევარი დამოკიდებულების ფაქტი.

znaki_4

ცოტა ქვემოთ ჩასვლისას ვხვდებით “განაწყენებულ” გამაფრთხილებელ ნიშანს “ხელოვნური უსწორმასწორობა”. უსწორმასწორობის აღმნიშვნელი უკვე დიდი ხანია მომძვრალია ნიშნიდან და შემორჩენილია მხოლოდ შიშველი, თეთრი სამკუთხედი ლურჯ ფონზე. ბოლო დროს კი ნიშანი, თითქოს განაწყენდა და ზურგი აქცია ქუჩას.

znaki_2

საგზაო ნიშნები უკვე დიდი ხანია ამ მდგომარეობაშია და ყოველ დღე ხარვეზები ემატება, ნაცვლად იმისა, რომ აღმოიფხვრას.

ასეთი დაუდევარი დამოკიდებულება ახალქალაქში სხვადასხვა ადგილას და სხვადასხვა ნივთსა თუ საგანთან მიმართებაშიც შესამჩნევია.

ახალქალაქის ქუჩების, მათ შორის, საგზაო ნიშნების მოვლა-პატრონობა კომპანია „ჯავახ ავტო გზას“ ევალება. კომპანიაში სატელეფონო ზარებს დიდილიდან არ პასუხობს. რატომ არის ნიშნები ასეთ მდგომარეობაში, ვერ გავარკვიეთ.