დღეს ახალქალაქის მუნიციპალიტეტში სულდა-მიასნიკიანი-ერინჯა-დაფნია-ხავეთის ცემენტობეტონის გზის მშენებლობა დაიწყო. სარეაბილიტაციო გზის საერთო სიგრძე 2680მ შეადგენს, პროექტის საერთო ღირებულება 1 202 226 ლარია. აღნიშნული თანხის 5%-ს, რაც 60 111 ლარს შეადგენს, ადგილობრივი ბიუჯეტი აფინანსებს, ხოლო დანარჩენ 95%-ს ანუ 1 142 115 ლარს რეგიონალური განვითარების ფონდი უზრუნველყოფს.
სულდა-მიასნიკიანი-ერინჯა-დაფნია-ხავეთის გზაზე ბეტონის საფარი კეთდება. საერთო ჯამში 2682 მეტრი გზა იქნება გარემონტებული, გზის სიგანე 4,5 მეტრია და სიმაღლე 16სმ.
ბეტონის საფარი ასფალტის საფარზე ძვირია. თუმცა, ასფალტის საფარს მისი ექსპლუატაციიდან სამი-ოთხ წელიწადში გარემონტება ესაჭიროება, ეს იმ შემთხვევაში, თუ დაგებისას ყველა აუცილებელი მოთხოვნა არის გათვალისწინებული.
ახალქალაქის საკრებულოს თავმჯდომარის ნაირი ირიციანის თქმით, უბრალო ასფალტისა და ბეტონის საფარის ღირებულებას შორის განსხვავება არც ისე დიდია, თუმცა ბეტონი უფრო ხარისხიანი და გამძლეა. ამიტომ წელს გადაწყდა, რომ ეს გზა ბეტონისგან გაკეთდება.
“მთავარი ასაა, რომ ცემეტობეტონის გზა, რომელსაც ახლა ვაგებთ, ყინვაგამძლეა, მისი გამოყენება დიდი ხნის განმავლობაშია შესაძლებელი. ეს ყველა სამუშაო ევროპული სტანდარტით კეთდება”,- თქვა კომპანია “არალის” წარმომადგენელმა გურამ გაგულიძემ, რომელიც ამ სამუშაოებს ახორციელებს.
მისი თქმით, გზის ორივე მხარეს, 450მ სიგრძის წყალის გადინების არხები აშენდება.
ტენდერის დოკუმენტაციის თანახმად, აღნიშნული გზის მშენებლობისათვის 1 202 226 ლარი იყო გამოყოფილი. ტენდერი საგზაო-სამშენებლო კომპანია “არალმა” მოიგო.
როგორც კომპანიის წარმომადგენელი გურამ გაგულიძე ამტკიცებს, თუ სამუშაოები ასეთი სისწრაფით გაგრძელდა, ერთ თვეში მშენებლობა უთუოდ დასრულებული იქნება.