არშაკ გოგორიანმა, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ დილისკის მცხოვრებმა, LAG-ის – ადგილობრივი განვითარების ჯგუფის – კონკურსში, EU ENPARD-2 პროგრამის ფარგლებში მიიღო მონაწილეობა და გრანტი მოიგო, რომლითაც კარტოფილის კომბაინი შეიძინა, მაგრამ პრაქტიკაში მისი გამოყენება, ახალქალაქის პირობების გათვალისწინებით, მოუხერხებელი და წამგებიანი გამოდგა.
არშაკ გოგორიანი მსხვილი ფერმერია და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ დილისკაში ცხოვრობს. 55 000 ლარის ოდენობის გრანტის მიღების შემდეგ მან 35 000 ლარის ინვესტიცია ჩადო ამ საქმეში და 2019 წელს კარტოფილის კომბაინი და სარგავი იყიდა. კარტოფილის კრეფის პროცესის გამარტივივება და ახალქალაქში ძირითადი ბოსტნეულის ღირებულების შემცირება სურდა, მაგრამ არასწორად გათვალა.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტში კარტოფილის მოსავლის აღების პრობლემა ყოველ ჯერზე მწვავდება – მკრეფავთა მომსახურების ღირებულება ყოველწლიურად იზრდება და ზოგჯერ მუშების პოვნა ძნელდება.
„შარშან ვცადეთ და გამოგვადგა, რადგან არ წვიმდა. მაგრამ ნალექის გამო ამოყრა შეუძლებელი გახდა. კარტოფილი ფუჭდებოდა და ტექნიკით მისი აღება შევწყვიტე. ვერც წელს ამოვყარე, რადგან 2,5 თვე არ უწვიმია და მიწა გამაგრდა. კარტოფილის მოსავალს კაპატელი აფუჭებს – კარტოფილი აღებისას ფუჭდება და შავდება“, – განმარტავს არშაკ გოგორიანი.
მისივე თქმით, მყიდველებს სუფთა კარტოფილი უნდათ, ამიტომ მაინც ძველი ტრაქტორით ურჩევნია მუშაობა.
„დიდი აგრეგატის ყიდვა შეგვეძლო, მაგრამ ჩვენს მიწებზე ამით მუშაობა შეუძლებელია, ყოველ წრეზე 15-20მ თავისუფალი ტერიტორია სჭირდება, რომ უცხოთა მიწებზე არ გადავიდეს, ხოლო ჩვენ მინდვრები გვერდიგვერდ გვაქვს“, – ჰყვება არშაკ გოგორიანი.