SJGC გაზგამანაწილებელი კომპანია ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ზოგიერთი სოფლის გაზიფიცირების ახალ პროექტებზე მუშაობს, თუმცა როდის და როგორ განხორციელდება, ჯერჯერობით უცნობია. თუმცა პროექტი სოფლის მოსახლეობას გაზიფიცირების იმედებს რეალურს ხდის.
ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებში 17 957 აბონენტია – 11 821 ახალქალაქში და 6 136 ნინოწმინდაში. ფუნქციონირების 14 წლის განმავლობაში გაზგამანაწილებელი კომპანია რეგიონის გაზიფიცირების ხარჯებს არ ფარავდა, თუმცა ხაზების გაფართოებას მაინც აპირებს. SJGC-მ ქსელის ბოლო 2018 წელს გააფართოვა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ოლავერდს მიაწოდა გაზი.
ახალქალაქის 21 სოფლისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის 9 სოფლის მოსახლეობა, რომელთაც ბუნებრივი აირი არ აქვთ, გაზიფიცირების მოთხოვნითა და ყველა ჩინოვნიკის კარზე კაკუნით უკვე დაიღალა.
SJGC გაზგამანაწილებელი კომპანია ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ორი სოფლის (დიდი და პატარა სამსარი) პროექტებს ადგენს, ხოლო ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში ეშტია-სათხა – სათხა-ნინოწმინდის ახალი ხაზის მშენებლობას აპირებენ.
„ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლებში, დიდ და პატარა სამსარში, გაზის გაყვანას ვგეგმავთ, თუმცა პროექტებს ჯერ კიდევ ვადგენთ, რათა ხარჯები და რესურსები შევაფასოთ. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, რადგან ნინოწმინდის მერიას სურს გაზის გაყვანა, გორელოვკის მიმართულებით, ორლოვკა – გორელოვკას ხაზი გაიხსნება, ხოლო ეშთია-სათხა – სათხა-ნინოწმინდის ახალ ხაზს თავად გავიყვანთ“, – განმარტა SJGC გაზგამანაწილებელი კომპანიის დირექტორმა ვრეჟ ბერიკიანმა.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში ახალი ხაზი კომპანიას დაახლოებით 1 მილიონ 200 ათასი ლარი უჯდება. ნებართვის მიღებისთვის ეშთია-სათხა და სათხა-ნინოწმინდის პროექტები უკვე წარდგენილია.
ვრეჟ ბერიკიანის თქმით, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის კარწახის მიმართულებით ახალი ხაზის მშენებლობაზეც იყო საუბარი.
„რადგან გვთხოვეს, კარწახის ხაზის გასწვრივ მაგისტრალის მიახლოებითი სქემისა და სიგრძის შესახებ ინფორმაცია გადავეცით. ამ ხაზის მშენებლობა ჩვენთვის მომგებიანი არ არის, 30 წელიწადის შემოსავალიც ვერ დაფარავს ხარჯს, როდესაც ჯავახეთის გაზიფიცირების ხარჯებიც არ არის დაფარული. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (GNERC) გათვლებით, ხარჯები მინიმუმ 30 წელიწადში უნდა დაიფაროს, მაგრამ ზოგიერთი სოფლიდან ხარჯს ამ პერიოდშიც ვერ ამოვიღებთ“, – განაცხადა ვრეჟ ბერიკიანმა.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტში 21 სოფელს გაზი არ მიეწოდება, მათ შორის სოფელ პტენას და ჩუნჩხას, სადაც 2019-2020 წლებში ცენტრალური გაზსადენი სახელმწიფო პროგრამით გაიყვანეს, თუმცა გაზი აბონენტებს აღარ გაუნაწილდათ. სოფლები ცენტრალურ მაგისტრალთან დაკავშირებას ორი წელია ელოდებიან.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში 9 სოფელს არ მიეწოდება გაზი.
ახალქალაქი და ნინოწმინდა საქართველოში ყველაზე გაზიფიცირებულ მუნიციპალიტეტებად ითვლება.