ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელი გორელოვკა ჯავახეთის ერთ-ერთი ყველაზე ცივი სოფელია, სადაც სომხები, მუსლიმი ქართველები და დუხობორები ცხოვრობენ. მოსახლეობის საერთო სურვილია, სოფელში ბუნებრივი აირი ჰქონდეთ.
გორელოვკაში 301 ოჯახი ცხოვრობს. იგი რუსეთიდან და უკრაინიდან დევნილმა დუხობორებმა 1841 წელს დააარსეს.
XX საუკუნის 90-იან წლებში რუსი მცხოვრებლების რაოდენობა შემცირდა და მათ მიერ დატოვებულ სახლებში აჭარიდან ჩამოსული ემიგრანტები და სომხები დასახლდნენ. სოფელში სამი სკოლაა: სომხური, ქართული და რუსული.
მიგრაციის დონე მაღალი არ არის, მაგრამ ვხვდებით ჭარბ იმიგრაციას – სოფელში დღემდე სახლდებიან ქართველი მუსლიმები და სხვდასხვა ეთნიკური წრის წარმომადგენლები ქორწინდებიან კიდეც.
მოსახლეობა მეცხოველეობითა და სოფლის მეურნეობით არის დაკავებული.
„სოფელში ბუნებრივი აირის არარსებობა დიდ პრობლემას გვიქმნის. ზამთარში ძალიან ცივა და გაზი გვჭირდება, რომ ნორმალურად გავთბეთ“, – ჰყვება სოფლის მკვიდრი ლაშა შავაძე.
ის ზამთარში შეშითა და ნაკელით თბება.
„ჩვენთვის გაუსაძლისი პერიოდია, რადგან რეგიონში ყველაზე ცივი ზამთარი აქ იცის, ჩვენ კი გაზი არ გვაქვს. ერთ რიგ შეშაში 650 ლარს ვიხდით, საშუალოდ 4-5 კაციანი ოჯახი 5 რიგ შეშას მოიხმარს და 3200-3300 ლარია საჭირო“, – განმარტავს მნაცაკან ბაბაჯანიანი.
სოფლის მოსახლეობამ ფულიც კი შეაგროვა, მაგრამ უშედეგოდ.
„რამდენიმე წელია სოფელს გაზით მომარაგებას ჰპირდებიან, მაგრამ საქმე დაპირებაზე წინ არ წასულა. მოსახლეობამ ფულის შეგროვება დაიწყო, რადგან განაცხადეს, რომ 80 000 ლარი იყო საჭირო. თანხა შევკრიბეთ, თუმცა ახლა 100 000 ლარი დასჭირდათ. ესეც შევაგროვეთ, მაგრამ არაფერი გამოვიდა. ასე რატომ ხდება, ვერ გეტყვით”,- აცხადებს ანდრეი სმოროდინი.
2016 წელს სოფელმა გაზიფიკაციისთვის თანხა შეაგროვა.
„როგორც ვიცი, განმარტეს, რომ ლიმიტი არ არის საკმარისი, ამიტომ არ გაჰყავთ გაზი. მუნიციპალიტეტი ყოველთვის მზადაა დაგვეხმაროს, დაახლოებით 600 000 ლარს გამოგვიყოფენ, სოფლის მოსახლეობაც გადაიხდის, თუმცა გაზის კომპანიისგან ბრძანება ჯერ არ მიგვიღია“, – ჰყვება სოფლის სპეციალისტი ბაბაჯანიან მნაცაკანი (2016 წელს მას სპეციალისტის თანამდებობა არ ეკავა).
2022 წელს გორელოვკის მოსახლეობას დაჰპირდნენ, რომ სოფელში გაზს გაიყვანდნენ, მაგრამ ჯერჯერობით კონკრეტული ნაბიჯები არ გადადგმულა.
ნინოწმინდის მერიაში აცხადებენ, რომ გორელოვკის გაზიფიცირების საკითხი დღემდე გაურკვეველია.
„ამ სოფლების გაზიფიცირება ადგილობრივი ბიუჯეტის ხარჯზე ვერ ხერხდება, ხოლო სახელმწიფო პროგრამები ჯერ არ მიგვიღია; მათ შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციიდან ვიგებთ, 2023 წლის პროექტებზე არაფერი ვიცით. თუმცა სამცხე-ჯავახეთში გაზიფიცირებას გეგმავენ“, – აცხადებს მერი ანივარდ მოსოიანი.
მისი თქმით, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მხოლოდ ორ სოფელს არ მიეწოდება გაზი: ფოკას რაიონის სოფელ ორლოვკას, გორელოვკას, ეფრემოვკას, სამებას, ჟდანოვაკანს, ასევე ფარვანას ტამბოვკას და ვლადიმიროვკას.