ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟდანოვის მცხოვრებნი ბუნებრივ აირზე ოცნებას არ წყვეტენ. სოფელი ნორმალურ გზებს მოკლებულია, ზამთარში კი დიდთოვლობა არა მხოლოდ სოფლის შიდა გზებს კეტავს, არამედ სოფელ მთლიანად წყდება გარე სამყაროს.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელი ჟდანოვი საქართველო-სომხეთის საზღვრისკენ მიმავალ გზაზე მდებარეობს. ჟდანოვში 100-მდე ოჯახი ცხოვრობს. მაგრამ წლიდან წლამდე, ნორმალური, ელემენტარული საცხოვრებელი პირობების არარსებობის გამო, ოჯახები სოფელს ტოვებენ.
სოფლის მცხოვრებლების თქმით, წლეულს ჟდანოვი 6-მა ოჯახმა დატოვა. ხალხს სურს კომფორტულად, კარგ პირობებში ცხოვრება. სოფელში ბუნებრივი აირი ამ დრომდე არ არის, სახლები შეშით და ფუნით თბება.
სოფელში გასათბობად 3000 ლარამდეა საჭირო, ფულის დაზოგვის მიზნით სოფლის მოსახლეობა ნაკელს აშრობს და შეშასთან ერთად წვავს. ერთი მწკრივი შეშის ფასმა 400 ლარს მიაღწია.
„1600 ლარს ვიხდით მხოლოდ შეშაში, იმავდროულად ვთბებით ფუნით, თუ მხოლოდ შეშას დავწვავთ, 2500-3000 ლარის შეშა უნდა ვიყიდოთ. ყოველწლიურად გვპირდებიან გაზის გაყვანას და არ აკეთებენ, არ ამბობენ მიზეზს, არც იმას არ ამბობენ, – არ გავაკეთებთო, – მაგრამ არც აკეთებენ“, – ამბობს ჟდანოვის მცხოვრები სიმონ თოვმასიანი.
ქალბატონი ანაჰიტი აღშფოთებული ამბობს, რომ 21-ე საუკუნეში, როცა მსოფლიოში ყველაფერს ტელეფონით აკონტროლებენ, ჯერ კიდევ ფუნას აშრობენ.
ანუშ მარკოსიანი ჩივის, რომ გზა არ აქვთ, ზამთარში კი, თოვლის გამო ქალაქთან დამაკავშირებელი გზა ზედიზედ რამდენიმე დღით იკეტება.
„ისეთი მკაცრი ზამთარი გვაქვს, რომ გზები იკეტება, სანამ გახსნიან, გადის დღეები, თუ ვინმეს საავადმყოფოში წასვლა დასჭირდება, დროზე ვერ მივიყვანთ. ასეთია ჩვენი პირობები. ამიტომ მიდიან აქედან, ვისაც შეუძლია“, – ამბობს ანუშ მარკოსიანი.
სოფლის მოსახლეობა ძირითადად მეცხოველეობას მისდევს, მცირე დამუშავებული მიწა აქვთ. ზოგს პატარა მეურნეობა აქვს, ზოგს 100-მდე სული ძროხა ჰყავს.
სიმონ თოვმასიანმა რატომღაც შეწყვიტა რძის გადამუშავება, მაგრამ ახლა გადაიფიქრა და სურს განაახლოს წარმოება.
„გაზი თუ იქნება, დანარჩენს თავად გადავწყვეტთ, ვიმუშავებთ და მოვაგვარებთ. ჩვენ მხოლოდ საკუთარ თავს ვეყრდნობით“, – თქვა სიმონ თოვმასიანმა.
ედგარ მნოიანი სოფლის სკოლაში ფიზკულტურის მასწავლებლად მუშაობს. ამბობს, რომ ახალგაზრდებს საქმე არა აქვთ, განსაკუთრებით ზამთარში. მას სამსახური აქვს და სოფლის დატოვებას არ აპირებს.
სოფელს აქვს სასმელი და სარწყავი წყალი, მალე საბავშვო ბაღი გაიხსნება, თუმცა მოსახლეობას ბუნებრივი აირისა და გზების არქონა აწუხებს.