ზუგდიდში მოზარდის მკვლელობის საქმეზე დაკავებულია ერთი არასრულწლოვანი, 2005 წელს დაბადებული ე.ც. დააკავეს.
შსს-ს გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა ზუგდიდში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა არასრულწლოვანს — 2007 წელს დაბადებულ ს.მ.-ს, რომელიც საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის ე ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეცნობით, არასრულწლოვნის მიმართ, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
გუშინ, 20 ნოემბერს, ზუგდიდში, მესხიას ქუჩაზე მდებარე მინი სტადიონზე არასრულწლოვანი ცივი იარაღით დაჭრეს, ის საავადმყოფოში გადაყვანამდე გარდაიცვალა. ადგილობრივი მედიების ინფორმაციით, ინციდენტი მინი სტადიონზე მოხდა, მკვლელობა თანატოლებს შორის ურთიერთშელაპარაკებას მოყვა და ჩხუბში რამდენიმე ადამიანი მონაწილეობდა.