ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მურჯახეთში, მდინარე ბულახზე, ძველის გვერდით ახალი ხიდი შენდება. ძველი ხიდი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. მისი ნგრევის თავიდან ასაცილებლად, ახალი ხიდის აშენება გადაწყვიტეს. ხიდი ექსპლუატაციაში ნოემბრის ბოლოს შევა.

სოფელ მურჯახეთში მანქანებისა და ფეხით მოსიარულეთა გადაადგილებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებითა და ადგილობრივი თანადაფინანსებით ახალი ხიდი შენდება.

ახალ ხიდზე შპს „მშენ+“ 584 350 ლარით მუშაობს, რომლიდანაც 49 218 ლარი მუნიციპალიტეტის ნაწილია, 535 132 ლარი – სახელმწიფოს გამოყოფილი.

მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა: საძირკველი მზადაა და ახლა საფარი შენდება, რომელსაც ორი ფენა ექნება. ბეტონის ბაზაზე ასფალტის ფენას დაასხამენ. ხიდის მთავარ გზასთან დასაკავშირებლად ბალასტს ავსებენ. ახალი ხიდი ძველზე მაღალი იქნება, მის ირგვლივ და  ძირში ქვის გალავანია აშენებული, რათა წყალდიდობისას არ დაინგრეს.

most mujaxet

ხიდმა 5 ტონაზე მეტ დატვირთვას უნდა გაუძლოს. ახალი ხიდი ძველზე 1 მეტრით მაღალი იქნება – 2,80 მ სიმაღლით და 5 მ სიგანით.

სამშენებლო მომარაგების ხელმძღვანელის, გია ბულბულაშვილის თქმით, სამუშაოები სამ კვირაში დასრულდება და ვადაშიც ჩაეტევიან – ექსპლუატაციაში ჩაბარების ვადა ნოემბრის ბოლოსაა.

murjaxetmost