ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ სულდას სასმელი წყლის პრობლემის საბოლოოდ მოგვარებას წლეულს ჰპირდებიან. სოფლის წყალმგაყვანილობის პროექტი უკვე მზად არის. როგორც მერიაში გვაცნობეს სამუშაოები ერთ თვეში დაიწყება.
როგორც სოფლის მოსახლეობა ამბობს, უკვე რამდენიმე წელია სოფელ სულდაში წყალგაყვანილობის პრობლემის მოგვარების სამუშაოები ტარდება, თუმცა წყალი დღემდე არ აქვთ. სოფელში დაახლოებით 185 ოჯახი ცხოვრობს, წყალს 4 დღეში ერთხელ 2 საათით აძლევენ, ამასთანავე, წყალი სუფთა არ არის. სულდაში წყლის გრაფიკი ხანდახან წყლის რაოდენობიდან გამომდინარე იცვლება, თუმცა აქ სოფლის თითოეული ქუჩისთვის კონკრეტული საათებია დაწესებული.
როგორც სოფლის მცხოვრები, ოვიკ აპოიანი ამბობს, შარშან, 2020 წელს მათ დაპირდნენ, რომ პრობლემას მოაგვარებდნენ. მაგრამ, კონკრეტულად როდის და როგორ მოგვარდება სოფელში წყალმომარაგების სისტემის პრობლემა, სოფლის მოსახლეობისთვის ჯერჯერობით უცნობია.
«შარშან წყალმომარაგების პრობლემის მოგვარებას დაგვპირდნენ. თუმცა, დღემდე მოუგვარებელია, ვნახოთ, მერე რა მოხდება», – ამბობს ოვიკ აპოიანი.
სოფელი სულდა 4 ნაწილად არის გაყოფილი, თითოეულ ნაწილს წყალს 2 საათით აძლევენ, რათა მოსახლეობამ წყლის აღება მოასწროს, მაგრამ მეტი ხნით დატოვება არ შეუძლიათ, დანარჩენებს არ ეყოფათ. პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ წყალი აუზში მცირე ნაკადით მიედინება და ძალიან ნელა ივსება.
სოფელ სულდას მოსახლეობის თქმით, რამდენიმე წელია წყალს სხვა სოფლებიდან ეზიდებიან, ხანდახან ყიდულობენ კიდეც.
«წყალი სოფელ ვაჩიანიდან მანქანებით მოგვაქვს, ხანდახან ქალაქში ვყიდულობთ», – ამბობს გალუსტ კუჯოიანი.
სოფელ სულდაში მერის წარმომადგენლის ზარზანდ კუჯოიანის თქმით, ამ ეტაპზე სოფლის წყალგაყვანილობის პროექტი უკვე მზად არის.
«პროექტი უკვე მზად არის, თუკი ყველაფერი გამოვა, სამუშაოები დაახლოებით აპრილში დაიწყება»,- ამბობს ის.
მისივე თქმით, პროექტის თანხა დაახლოებით 1 800 000 ლარს შეადგენს. თუმცა, მერიაში კიდევ ერთხელ უნდა განიხილონ აღნიშნული პროექტი, რათა შეძლებისდაგვარად სახსრები დაზოგონ.
«ჩვენი სპეციალისტები პროექტს გადახედავენ, თუკი იქნება შესაძლებლობა, აღნიშნულ სამუშაოებზე დანახარჯებს დაზოგავენ», – ამბობს მერის მოადგილე, არმენ მარანგოზიანი.
სოფელ სულდას წყალგაყვანილობის სამუშაოები დაიწყება, როგორც კი რეგიონალური განვითარების ფონდი სახსრებს გადარიცხავს. წინასწარი შეფასებით სამუშაოები აპრილში იგეგმება.