ჯავახეთის ზოგიერთი მკვიდრნი, რომლებიც საქართველოსა და სომხეთში მობილიზაციას თავიდან ასაცილებლად ჩავიდნენ, რუსეთში დაბრუნდნენ. ზოგიერთი კი დარწმუნებულია, რომ მობილიზაცია არ დასრულებულა და „უსაფრთხო“ ქვეყნების დატოვებას არ ჩქარობს.

28 ოქტომბერს რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ ვლადიმერ პუტინის განკარგულებით 21 სექტემბერს გამოცხადებული ნაწილობრივი მობილიზაციის დასრულება გამოაცხადა. თავად პრეზიდენტმა მობილიზაციის შესახებ განაცხადა, რომ ის დასრულდა, თუმცა განკარგულების აუცილებლობაზე „არ უფიქრია“. იურისტები და უფლებადამცველები მაინც აღნიშნავენ, რომ პრეზიდენტის მიერ გამოცხადებული მობილიზაციის ოფიციალურად დასასრულებლად შესაბამისი განკარგულებაა საჭირო, წინააღმდეგ შემთხვევაში, განცხადებებს იურიდიული ძალა არ აქვთ.

ჰარუთიუნი (სახელი რესპონდენტის უსაფრთხოებისთვისაა შეცვლილი) ნინოწმინდიდან რუსეთში წასვლას მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში არ აპირებს – დარწმუნებულია, რომ მობილიზაცია გრძელდება.

„მობილიზაცია არ დასრულებულა, ამიტომ არ მეჩქარება. პრეზიდენტს შეწყვეტის შესახებ განკარგულება არ გაუცია, მიუხედავად იმისა, რომ პუტინმა და შოიგუმ ამაზე ისაუბრეს, მას იურიდიული ძალა არ აქვს. რეალურად რომ დამთავრებულიყო მსაგვსი შემთხვევები არ მოხდებოდა“, – განმარტავს იგი.

ფაქტია, რომ მობილიზაციის დასრულების შესახებ განცხადებებთან ერთად, ვლადიმერ პუტინმა ფედერაციის საბჭოს მიერ 2 ნოემბერს დამტკიცებულ კანონს ხელი მოაწერა, რომლის მიხედვითაც ნაწილობრივი მობილიზაციის ფარგლებში მოქალაქეები, რომლებსაც გარკვეული მძიმე დანაშაულისთვის მოუხდელი ან გამოუსწორებელი ნასამართლეობა აქვთ, შეიძლება სამხედრო სამსახურში გამოიძახონ.

მიუხედავად ამისა, ახალქალაქის მასშტაბით რუსეთიდან ჩამოსულების რაოდენობა შემცირდა, ერთ-ერთი ემიგრანტი, რომელიც უახლოეს დღეებში რუსეთში გამგზავრებას აპირებს, განმარტავს, რომ ბევრი ბრუნდება, მაგრამ იციან, რომ მობილიზაცია ოფიციალურად არ დასრულებულა.

„რა თქმა უნდა გვესმის, რომ ეს არაოფიციალური განცხადებებია. დამთავრებაზე არავითარი განკარგულება არ გაუციათ. მე დაბრუნებას მაინც ვაპირებდი. ქუჩებში გაცილებით ნაკლები ჩამომსვლელია, თავადაც შეამჩნევდით ამას. ხალხი უბრალოდ ხვდება, რომ პროცესი შენელდა. ადრე თუ ხალხი მეტროდან მიჰყავდათ და მოწვევები მოდიოდა, ჩვენს სახლში 70 კაციდან 68-მა მიიღო მოწვევა, ახლა ყველაფერი დაწყნარდა. ამიტომაც ვბრუნდებით უკან“, – განმარტა რუსეთიდან ემიგრირებულმა, რომელიც ამჟამად ახალქალაქში ცხოვრობს.

21 სექტემბერს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ქვეყანაში ნაწილობრივი მობილიზაციის დაწყების განკარგულებას ხელი მოაწერა, რომლის მიხედვითაც სამხედრო სამსახურში 300 000-მდე ადამიანის გაწვევა იყო დაგეგმილი. პოტენციურად მობილიზაციის ქვეშ მყოფი რუსეთის მოქალაქეების უზარმაზარმა ნაკადმა რუსეთის მოსაზღვრე ქვეყნები მოიცვა. რუსეთიდან გაქცეული მამაკაცების „თავშესაფარი“ ძირითადად სომხეთი, საქართველო, ყაზახეთი, ფინეთი იყო.

გამონაკლისი არც ჯავახეთის რეგიონია; რამდენიმე დღეში ახალქალაქის ქუჩები რუსეთიდან ათეულობით ახალქალაქელი სტუმრით გაივსო. საქართველო-რუსეთის საზღვარზე „ზემო ლარსზე“ ერთი კვირის განმავლობაში სატრანსპორტო და ჰუმანიტარული კოლაფსი შეინიშნებოდა – ხალხი რამდენიმე დღე იდგა რიგში, წყლის, საკვების, კეთილმოწყობის გარეშე. ზოგმა მანქანები დატოვა და საზღვარი ველოსიპედებით, სკუტერებით გადაკვეთა, სანამ კრიზისული სიტუაციიდან გამომდინარე, საზღვრის ფეხით გადაკვეთის უფლება არ მისცეს. სხვადასხვა წყაროს მიხედვით, რუსეთიდან საქართველოში 110 000-დან 150 000-მდე ადამიანი შემოვიდა.