საქართველო პირველ ადგილზეა რუსეთში ღვინის მიწოდებით.
რუსული „კომერსანტი“ საბაჟო მონაცემებზე დაყრდნობით წერს, რომ 2023 წლის პირველ ხუთ თვეში საქართველოდან ღვინის იმპორტი რუსეთში 63%-ით გაიზარდა და 24,15 მილიონ ლიტრს მიაღწია. შედეგად, საქართველომ გადაუსწრო ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა იტალია (23,36 მლნ ლიტრი), ესპანეთი (20,46 მლნ ლიტრი) და საფრანგეთი (10,04 მლნ ლიტრი).
ღვინის სავაჭრო კომპანია Fort-ის აღმასრულებელი დირექტორი ალექსანდრე ლიპილინი ამბობს, რომ იმპორტმა საქართველოდან 2022 წლის ბოლოს დაიწყო ზრდა გადახდისა და ლოგისტიკის პრობლემების არარსებობის გამო. მისი თქმით, ქართული ღვინის წილის ზრდა ძირითადად განპირობებულია დაბალ და საშუალო ფასების სეგმენტში საცალო ქსელების კერძო იმპორტით. ქსელები გადავიდნენ პირდაპირ კონტრაქტებზე მწარმოებლებთან და შეუძლიათ მინიმალური ფასების შემოთავაზება. WineRetail-ის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი ალექსანდრე სტავცევი ამბობს, რომ საქართველოდან ღვინო ექვემდებარება ნულოვანი იმპორტის გადასახადს, როცა იტალიიდან იმპორტს ართულებს გადასახადებთან დაკავშირებული სირთულეები და გაცვლითი კურსის ზრდა.
Роскачество-ს (საქონლის ხარისხის შემსწავლელი სახელმწიფო უწყება რუსეთში) მიერ გამოქვეყნებული რუსეთის ღვინის გზამკვლევის თანახმად, საქართველოდან ღვინის შესყიდვები ყოველწლიურად 20%-ზე მეტით იზრდება და საცალო ვაჭრობაში სწორედ ქართული ღვინო უწევს კონკურენციას რუსულს საშუალო ფასის კატეგორიაში.
სტატიაში ნათქვამია, რომ საქართველოს შემთხვევაში კითხვის ნიშანს წარმოადგენს, აქვს თუ არა ქვეყანას ზრდისთვის საკმარისი ნედლეულის მარაგი თუ „ეს არის ევროპული ღვინის ნაყარის ტრანზიტი ქართული ბოთლით“.
“საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს“ კვლევით, რუსულ ბაზარზე მაღალი დამოკიდებულებით ქართული ღვინის ექსპორტი გამოირჩევა. 2022 წელს რუსეთში ექსპორტირებულ იქნა 161 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ქართული ღვინო, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 23%-იანი ზრდაა. გაიზარდა საქართველოს ჯამურ ღვინის ექსპორტში რუსეთის ბაზრის წილიც და 63.8%-ს მიაღწია, რაც 2013 წლიდან, ქართული ღვინის რუსულ ბაზარზე დაბრუნების შემდეგ, ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.