რუსეთში გამოცხადებული ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაციის ფონზე, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები ქვეყნის დატოვების ყველა შესაძლო გზას პოულობენ. რა ვითარებაში არიან რუსეთში მცხოვრები ან მომუშავე ახალქალაქელები? ახალქალაქში დაბრუნებაზე ფიქრობენ თუ არა ადამიანები, რომლებმაც წარსულში ემიგრაციის გზა აირჩიეს?
21 სექტემბერს, დილით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა. გაწვევას ექვემდებარებიან ისინი, ვინც არიან რეზერვში, უკვე მსახურობდნენ რუსეთის შეიარაღებული ძალების რიგებში და აქვთ შესაბამისი სამხედრო სპეციალობა. პუტინის თქმით, სამხედრო სამსახურში გამოძახებულები აუცილებლად გაივლიან დამატებით სამხედრო მომზადებას დანაყოფებში გაგზავნამდე.
განკარგულების თანახმად, სამხედრო მოვალეობა ეკისრებათ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებს, რომლებიც მუშაობენ სამხედრო-თავდაცვის კომპლექსის ორგანიზაციებში. კონტრაქტით სამსახურიდან არ გათავისუფლებიან – სამსახურიდან დაითხოვენ მხოლოდ მათ, ვინც ჯანმრთელობის მდგომარეობის, ასაკის ან სასამართლო განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის გამო ვერ ასრულებს სამხედრო მოვალეობას. რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ განაცხადა, რომ 300 000 რუსი დაექვემდებარება ნაწილობრივ მობილიზაციას.
შოიგუს თქმით, თავდაცვის სამინისტრო არ აპირებს სტუდენტების მოწვევას. ასევე სამხედრო ზონაში არ გაიგზავნება სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც უკვე მსახურობენ გაწვევით. თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელმა ნაწილობრივი მობილიზაციის აუცილებლობა „გრძელი ფრონტის ხაზით“ ახსნა.
მოახლოებული რეფერენდუმების ფონზე, სახელმწიფო დუმამ მიიღო ცვლილებები მობილიზაციისა და საომარი მდგომარეობის შესახებ. ცვლილებების მიხედვით, სამხედრო წვრთნაზე გამოუცხადებლობა ისჯება თავისუფლების აღკვეთით ათ წლამდე, დეზერტირობა – 15 წლამდე, ხოლო საომარ მოქმედებებში მონაწილეობაზე უარი სამ წლამდე.
მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, მცირე ხანში გაიყიდა ბილეთები მოსკოვიდან იმ ქვეყნებში, სადაც რუსეთის მოქალაქეებს უვიზოდ შეუძლიათ შესვლა, მათ შორის სომხეთში. ავიაბილეთის ფასი მრავალჯერ გაიზარდა. იმავე საღამოს, რუსეთ-საქართველოს საზღვარზე, ზემო ლარსის საგუშაგოზე რუსეთის ფედერაციიდან გამოსული მანქანების საცობები წარმოიქმნა.
“გუშინ გამოგვიგზავნეს ვიდეო საზღვრიდან, ლარსიდან, უზარმაზარი რიგები იყო. მაგრამ გუშინ ჩემმა ნათესავმა ლარსის გავლით საქართველოში წაიყვანა ეროვნებით რუსი, მას სურდა საქართველოდან ევროპაში გადასვლა, ნათესავი ამბობს, რომ იმ დროს საცობები არ იყო, საზღვარი ძალიან სწრაფად გაიარეს, დღეს ბრუნდება უკან და ამბობს, რომ უზარმაზარი რიგებიაო“, – ამბობს კიდევ ერთი ახალქალაქელი, რომელიც რუსეთის ფედერაციაში მუშაობს.
იმავდროულად, რუსეთში მომუშავე ახალქალაქელებს შორის პანიკა არ არის, მიზეზი ის არის, რომ ბევრი მათგანი ან სომხეთის მოქალაქეა, ან, როგორც რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, არ მსახურობდა ან არ იყო რეგისტრირებული რუსეთში სამხედრო სამსახურში.
“არავითარი პანიკა, ჩვენები არ ბრუნდებიან. მართალია უკვე დაბრუნების დროა, მალე სახლში წავალთ. ყველა ვმუშაობთ, წელი ისედაც მძიმე იყო. ჩვენებს არ ეშინიათ, რომლებიც აქ, რუსეთის ფედერაციაში არ დაბადებულან, რუსულ ჯარში არ მსახურობდნენ. მობილიზაციაზე მოუწოდებენ მათ, ვინც უკვე მსახურობდა და წოდებები აქვთ. დიდ ქალაქებში დიდი ალბათობით არ იქნება მასობრივი მობილიზაცია, ხალხმა რომ არ გამოთქვას უკმაყოფილება, – ხომ დიდი არმია გვყავს, რატომ გვიწვევთო. ამიტომ სიწყნარეა. რუსეთი დიდია, წაიყვანენ გარეუბნებიდან, სოფლებიდან“, – ამბობს რუსეთის მოქალაქეობის მქონე ახალქალაქის მცხოვრები.
ახალქალაქიდან რუსეთში წასულ ოჯახებში დაბადებულებს, რომლებსაც არ უფიქრიათ, რომ ოდესმე რუსეთიდან სამშობლოში დაბრუნდნენ, მობილიზაციის მიმართ სულ სხვანაგვარი დამოკიდებულება აქვთ, ახლა ცდილობენ შვილები უკან დააბრუნონ.
“რა თქმა უნდა, მეშინია ბავშვების გამო, მყავს სამხედრო ასაკის ვაჟი 18 წლის, ძმისშვილი 19 წლის. ჩემს შვილს პასპორტი არ აქვს. როგორც კი იქნება, მაშინვე დავაბრუნებ ახალქალაქში“, – ამბობს ს.მ.
სხვები კი, ისევე, როგორც ათასი სხვადასხვა ეროვნების მოქალაქე, ჩამოდიან საქართველოში.
„საქართველოში მოვდივარ. იმის ალბათობა, რომ მოწვევა ყოვე წუთს შეიძლება მომივიდეს. ზოგმა მეგობარმა უკვე მიიღო მოწვევა. მივიღებ თუ არა მე? უფრო სწორად, გამომიგზავნეს თუ არა? არ ვიცი. არ ვიცი რას ვიზამ, თუ დამიძახებენ, მაგრამ ომში წასვლა არ მინდა. რჩევას ვკითხავ მეგობრებს, ნაცნობებს და ა.შ. ცალკე სომხების (მათ შორის ახალქალაქელების) შეხედულება არანაირად არ გამოირჩევა. ყველა იყოფიან: „დავიცდი, თუ დამიძახებენ, მაშინ წავალ“ და „სანამ მოწვევა არ მიმიღია, ვეცდები წავიდე ან დავიმალო“. ზოგი პანიკაშია და თავზე თმას იგლეჯს, ზოგი შეგნებით და პანიკის გარეშე ხვდება, რომ სიტუაცია მხოლოდ დაიძაბება, ამიტომ ნაჩქარევად ტოვებს ქვეყანას. ამას პანიკას ვერ დავარქმევ“, – ამბობს მოსკოვის მცხოვრები, რომელმაც უნივერსიტეტი სამხედრო კათედრით დაამთავრა.
როგორ განვითარდება მოვლენები, დაბრუნდებიან თუ არა ახალქალაქელები სამშობლოში მასობრივად, გამოუშვებს თუ არა მათ რუსეთი საქართველოში, მოგვიანებით გახდება ცნობილი.