ახალქალაქის აუზის გახსნა ჭიანურდება, მიზეზი მოახლოებული სარემონტო სამუშაოებია, რომელზეც ტენდერი წინასწარ გამოცხადდება.

სექტემბრის დასაწყისში ახალქალაქის აუზი ერთი თვით დაიკეტა. დაგეგმილი გრაფიკის მიხედვით, ის დასუფთავების შემდეგ ერთ თვეში, ანუ ოქტომბრის დასაწყისში უნდა გახსნილიყო. დიდი დრო დასჭირდა წყლის გადასხმას, გაწმენდას, ჩასხმას და გაცხელებას. უკვე 2 თვე გავიდა და აუზი ჯერ არ გახსნილა. ოქტომბერში Jnews-თან ინტერვიუში ახალქალაქის აუზის დირექტორმა განაცხადა, რომ გახსნის თარიღი უცნობია, მიზეზად კი ტექნიკური საკითხები დაასახელა. დაახლოებით 20 000 ლარის ოდენობის ტექნიკური საკითხები შესაძლოა სარემონტო სამუშაოებზე ტენდერის გამოცხადების შემდეგ გადაწყდეს.

„სარემონტო სამუშაოები ტენდერის მიხედვით უნდა ჩატარდეს, რომელიც 14 ნოემბერს გაიხსნება. სარემონტო სამუშაოები ელექტროენერგიის, კანალიზაციის პრობლემების აღმოფხვრას გულისხმობს. ჟანგი, რომელიც ქლორის გამო გაჩნდა, აუზში ჩაედინება. მისი გაწმენდა აუცილებელია. წყლის ფილტრი პატარა აუზში არ მუშაობს, ამიტომ უნდა გამოცვალონ. სამუშაოები რამდენ ხანს გაგრძელდება ტენდერზეა დამოკიდებული. ყველაფერს დაახლოებით 15-20 დღე სჭირდება. ვეცდებით უფრო სწრაფად დავასრულოთ. სანიმუშოდ გვინდა დასრულება, თორემ აუზს ახლაც გავხსნიდით“, – აღნიშნა ახალქალაქის აუზის დირექტორმა მარტინ გაბრიელიანმა.

მუნიციპალური დაწესებულების შემოსავალი 10 000 ლარია, ხარჯები კი ათჯერ მეტი. 2020 წელს აუზის ფუნქციონირებისთვის 177 000 ლარი გამოიყო, 2021 წელს თანხა 93 000 ლარამდე შემცირდა. წელს აუზის ბიუჯეტს თავდაპირველად 188 800 ლარი შეადგენდა. მიმდინარე წლის ზაფხულს აუზზე, დასუფთავებისთვის დახურვამდე, მომხმარებლების რაოდენობა გაიზარდა. აუზზე ყოველი დახურვის შემდეგ ტექნიკური პრობლემები წარმოიქმნება, რომელთა აღმოფხვრას თვეები და ზოგჯერ წლებიც სჭირდება.

ახალქალაქის აუზი კვლავ გაურკვეველი ვადით დაკეტილია