ახალქალაქში, ერევნის ქუჩის ნაწილის მცხოვრებლები, უკვე, რამდენიმე წელია ნესტი აწუხებთ. მას შემდეგ, რაც 2019 წლის ბოლოს, აღმაშენებელის ქუჩას რეაბილიტაცია ჩაუტარდა, მათ საცხოვრებელ სახლებში ნესტმა მოიმატა. ადგილობრივები შიშობენ, რომ ნესტმა შესაძლოა, მათი სახლებს ნგრევის საფრთხე შეუქმნას. მოსახლეობა ამბობს, რომ მზად არიან ყველა ხერხს მიმართონ. აპირებენ მუნიციპალიტეტის მერიას მიმართონ.

Erevanyan

ერევნის ქუჩის მცხოვრებ აშოტ მრტჩიანის თქმით, ქუჩაზე გუბეები სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებამდეც იყო, მაგრამ ისეთი დიდი არა, როგორიც ამჟამად არის.

“წვიმიან ამინდში ქუჩის ამ ნაწილზე მუდამ გუბეა, სარდაფებში მუდამ სინესტეა. მაგრამ ქალაქის ცენტრალური ქუჩის, აღმაშენებლის რეაბილიტაციის შემდეგ, ვითარება უფრო გამძაფრდა”, – ამბობს ის.

მოსახლეობის თქმით, პრობლემები გაუმართავი ინფრასტრუქტურის გამო იქმნება. კერძოდ, არ არსებობს სადრენაჟე სისტემა, არასწორად არის გათვლილი ქუჩების დონე, წვიმის წყალი გზას ვერ ნახულობს და სახლების სარდაფებში ჩაედინება.

აღმაშენებლისა და ერევნის ქუჩების კვეთაზე მცხოვრებნი შეწუხებულნი არიან. ჯერ წვიმების სეზონი არ დაწყებულა, მაგრამ ხალხი სახლებიდან ვერ გამოდის, რადგან ქუჩა წყლის დიდი გუბეებით არის დაფარული.

კომპანია “ჯავახ ავტო გზის” დირექტორის თქმით, რომელიც ახალქალაქი-ნინოწმინდის გზის რეაბილიტაციას ახორციელებს, აღმაშენებლის ქუჩაზე სამუშაოები ჯერ არ დასრულებულა. მისი მტკიცებით, ყველაფერი წესდების მიხედვით კეთდება:
“სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ არავითარი პრობლემა არ იქნება”, – თქვა ჯაბა ძირკვაძემ.

აღმაშენებლის ქუჩის ძირითადი ნაწილი ასფალტირებულია, თუმცა ტროტუარები და სხვა სამუშაოები ჯერ არ დაუსრულებიათ.

ჯერ არ არის ცნობილი, როდის დასრულდება სარემონტო სამუშაოები.

რეაბილიტაციის ხელშეკრულება გაფორმებულია 2019 წლის 10 ივლისს და 2020 წლის 12 აგვისტომდე აქვს ვადა.

ქუჩის რეაბილიტაციაზე ტენდერი 2019 წლის 18 აგვისტოს საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გამოაცხადა და 19 038 910 ლარით განისაზღვრა. ტენდერში 4 კომპანია მონაწილეობდა: “არალი“, “ბლექსიგრუპ“, “მამისონ” და “საგზაო-სამშენებლო სამმართველო №1″. გაიმარჯვა კომპანია “საგზაო-სამშენებლო სამმართველო №1″ 14 749 992,92 ლარით. თუმცა რეკონსტრუქციას ახორციელებს კომპანია “ჯავახ ავტო გზა”.

დაეხმარება თუ არა აღმაშენებლის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები აღმაშენებელი-ერევნის ქუჩების მოსახლეობას ნესტის პრობლემის მოგვარებაში, 2020 წლის ოქტომბერში გახდება ცნობილი.