სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე სექტემბრის ესკალაციის დროს სომხეთმა დაახლოებით 60 კვადრატული კილომეტრი ფართობის ტერიტორია დაკარგა. ამის შესახებ განაცხადა სომხეთის პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის წევრმა, გაგიკ მელქონიანმა.
მისივე განცხადებით, კიდევ 40 კვადრატული კილომეტრის ტერიტორია აზერბაიჯანელმა სამხედროებმა ჯერ კიდევ 2021 წლის მაისში დაიკავეს.
“სომხური პოზიციები დაკავებულია, სომხეთ-აზერბაიჯანის კვეთის ზოლი შეცვლილია. პირადად ვიმყოფებოდი საზღვარზე შვიდი დღის წინ, ამჟამად სომხურმა დანაყოფებმა დაიკავეს ახალი პოზიციები, სადაც უკვე ახალი საინჟინრო ნაგებობებია გავლებული”.
სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე მხარეებს შორის მწვავე დაპირისპირება 13 სექტემბერს დაიწყო. სომხეთის თანახმად, აზერბაიჯანმა დაბომბა მისი ტერიტორია და გარკვეული სიმაღლეები დაიკავა. ამასთან, სომხური მხარის ცნობით, შეტაკებების შედეგად დაღუპულთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულ ჯარისკაცთა რაოდენობა 207-ს აღწევს. ასევე, 200 -ზე მეტი დაიჭრა. დაღუპულებზე და დაჭრილებზე განაცხადა აზერბაიჯანმაც. სომხეთში 29 ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა.