ახალქალაქში გარევაჭრობის ვადა დღეს ამოიწურა. დღის მეორე ნახევარში მერიის თანამშრომლებმა პოლიციელებთან ერთად მოვაჭრეები ინდივიდუალურად გააფრთხილეს ქუჩა დაეტოვებინათ და ბაზრის ტერიტორიაზე გადასულიყვნენ.

„ყველაზე გვიანი – ხვალ არის, ხვალ დილით ქუჩა გათავისუფლდება და მოვაჭრეები ბაზარში განთავსდებიან. ხვალ ყველაფერი კონტროლს დაექვემდებარება, ცალმხრივად არ ვწყვეტთ საკითხს, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მოვაჭრეები არ დაზარალდნენ“, – განუცხადა Jnews-ს ახალქალაქის მერმა მელქონ მაკარიანმა.

მერის თქმით, ქუჩა გათავისუფლდება და სამომავლოდ, არც საახალწლოდ და, არც სხვა შემთხვევაში ვაჭრობისთვის არ იქნება გამოყენებული.

„პრობლემას ყველასთვის ხელსაყრელი გზით ვაგვარებთ. ნალბანდიანის ქუჩა დაკეტილია და მანქანების გასაჩერებელი ადგილი არ არის, როცა თავისუფალი იქნება მყიდველს შეეძლება დატოვოს მანქანა ტერიტორიაზე და მშვიდად ივაჭროს ბაზარში. ბაზარზე გადასვლა მოსახერხებელი იქნება არა მხოლოდ მყიდველისთვის, არამედ გამყიდველისთვისაც, ყველასთვის შეიქმნება უფრო ჰიგიენური გარემო“, – თქვა მელქონ მაკარიანმა.

ზოგიერთი გამყიდველი, რომელსაც ახლომდებარე მაღაზიები აქვს, გადადის იქ, ხოლო ვისაც არ აქვს, სთავაზობენ მათთვის ქუჩის ნაწილის დათმობას ვაჭრობისთვის, რაც იმას გულისხმობს, რომ ბაზრის ფართობი პატარაა, ყველა ვერ დაეტევა. ბაზარში გადასვლის სურვილის არქონის მიზეზი ისიც არის, რომ ზამთარში ბაზარში უფრო ცივა, ვიდრე გარეთ.

აღსანიშნავია, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, ქუჩაში ვაჭრობა ქვეყნის მასშტაბით აკრძალულია.

ასევე წაიკითხეთ:

15 სექტემბრიდან ახალქალაქში გარევაჭრობა აიკრძალება