ახალქალაქში ქუჩაში ვაჭრობა კვლავ პრობლემაა. გარემოვაჭრეებს ქუჩაში ვაჭრობის უფლება 15 სექტემბრამდე აქვთ, რის შემდეგაც დახლების აღება მოუწევთ.
სასწავლო წლის დასაწყისში მოვაჭრეებს საშუალება მიეცათ დახლები ქუჩებში, აგრობაზრობისა და ბაზრობის მიმდებარედ დაედგათ, თუმცა მერიამ გააფრთხილა, რომ 15 სექტემბრიდან ქუჩაში ვაჭრობა აიკრძალება. ახალქალაქში, ნალბანდიანის ქუჩის ყველაზე დატვირთულ ადგილას, როგორც ყოველთვის, ხალხმრავლობაა. მშობლები საკანცელარიო და სხვა საჭირო ნივთებს იძენენ.
მოვაჭრეები არ მალავენ, რომ წლეულს ბიზნესი წინა წლებთან შედარებით „დუღს“.
Jnews-ი შეეცადა გაერკვია, ნალბანდიანის ქუჩის მოვაჭრეები არიან თუ არა ინფორმირებულები, რამდენ ხანს არის ნებადართული გარევაჭრობა და რას ფიქრობენ ამაზე თავად მოვაჭრეები, რამდენად მერიის ამ გადაწყვეტილებით მათი ბიზნესი დაზარალდება.
საკანცელარიო ნივთების გამყიდველის ჰარუთიუნის თქმით, შარშანდელთან შედარებით წლეულს უკეთესი ვაჭრობაა.
„მოვიდნენ და გაგვაფრთხილეს, რომ აქ ვაჭრობა 15 სექტემბრამდე შეგვიძლია, მაგრამ მართალი გითხრათ, 15-ის შემდეგ ჩვენი ბიზნესი დიდად არ დაზარალდება, რადგან ვაჭრობა დიდად არ არის ხოლმე, თითქმის ყველას უკვე ნაყიდი აქვს ყველაფერი, რაც საჭიროა“.
ნალბანდიანის ქუჩაზე ხილ-ბოსტნეულის გამყიდველების შემთხვევაში სხვა ვითარებაა. მხითარი ხილს ყიდის. მან არ იცის გაფრთხილების შესახებ.
„თუ ქუჩაში ვაჭრობის უფლებას არ მისცემენ, ჩნდება კითხვა, სად წავლენ გამყიდველები? კარგი იქნება, ბაზრის ფართობი რომ გაზარდონ, შემდეგ კი ახალ ხალხს ქუჩაში ვაჭრობა აუკრძალონ. ამ წუთში შემიძლია ვთქვა, რომ ვაჭრობა არის და არ ვუჩივი, მაგრამ თუ აიკრძალება, ბევრის ბიზნესი დაზარალდება“.
პეტრეც ქუჩაში ვაჭრობს, ასპინძიდან ჩამოდის.
«მე ადგილობრივი არ ვარ, ხილს აქ ვყიდი, ვიცი აკრძალვის შესახებ, თუ ასე მოხდება და ბაზარში ადგილს ვერ ვიპოვი, იძულებული ვიქნები ახალქალაქში არ ჩამოვიდე».
ახალქალაქის მერის მელქონ მაკარიანის თქმით, ვინაიდან ქალაქის ქუჩები გარემონტდება და ახლა წინა სასკოლო ვაჭრობის ცხელი სეზონია, ამიტომ მოვაჭრეების მოთხოვნით სამუშაო 15 სექტემბრამდე გააგრძელეს. მაგრამ ამის შემდეგ აკრძალვები შემოვა. მთავრობის გადაწყვეტილებით, გარევაჭრობა ქვეყნის მასშტაბით აკრძალულია.
„პირველი გაფრთხილება უკვე მივეცით, თუ ხალხი ქუჩაში ვაჭრობას გააგრძელებს, მაშინ საკითხს კანონის ფარგლებში მოვაგვარებთ. რაც შეეხება ბაზარს, ადამიანებს ბიზნესის კეთების სივრცე მიეცემათ. არიან ადამიანები, რომლებსაც აქვთ ცალკე მაღაზიები, გადავლენ თავიანთ მონაკვეთებში და ქუჩა გათავისუფლდება“, – ამბობს ახალქალაქის მერი.