ახალქალაქში მცხოვრები ცოლ-ქმარი ავეტისიანები წუხელ ჯერმუკში იმყოფებოდნენ, როცა იქ სროლების და აფეთქებების ხმა გაისმა. დილაუთენია წავიდნენ, ომის საშინელების შეგრძნებით.

“ასეთი რამ ცხოვრებაში არასდროს მინახავს და არ მიგრძვნია. ძალიან შემეშინდა, საშინელი სროლები და აფეთქებები იყო. გვეძინა. ზუსტად დილის 12 საათი იყო, როცა პირველად გაისმა სროლების ხმა”, – ამბობს როზა ავეტისიანი.

როზა და რუდიკ ავეტისიანები ზედიზედ 11 წელია, წელიწადში ერთხელ ჯერმუკის სანატორიუმებში ისვენებენ. არავინ მოელოდა მათ სასტუმროში და მთლიანად ჯერმუკში მოვლენების ასეთ განვითარებას.

“ზოგს ეძინა, ზოგი ტელევიზორს უყურებდა. ჩავედით ქვემოთ. ზოგი პიჟამაში, ზოგი შორტით. მერე, როცა თითქოს დამშვიდდა ვითარება, ყველა ნივთების შესაგროვებლად ავიდა ნომრებში. მერე კიდევ აფეთქება, ისევ ჩავედით საპროცედუროში. ყველგან შუქი ჩააქრეს, ლიფტები გამორთული იყო, კიბით ჩავედით საპროცედურო ოთახში, პირველ სართულზე. ღამის 12 საათიდან დილის 6 საათამდე რაღაც საშინელება იყო.”

გამთენიისას ავეტისიანები მაშინვე წავიდნენ თავიანთი მანქანით, მიუხედავად იმისა, რომ 20 დღის საფასური ჰქონდათ გადახდილი – 20 სექტემბრამდე. გზად, ადგილ-ადგილ შემოვლითი გზის გასწვრივ მოძრაობდნენ, რადგან მთავარი გზა გადაკეტილი იყო. ბევრი მოხალისე მოდიოდა მათკენ, როგორც როზა ავეტისიანი ამბობს.

„ახლა საკუთარ თავზე ვიგრძენი, რას გრძნობს ის ხალხი, ვინც უნდა დატოვოს სახლი და წავიდეს. ჩვენ მხოლოდ რამდენიმე ხელი სამოსი გვქონდა, ვცდილობდით ყველაფერი შეგვეგროვებინა, არაფერი დაგვეტოვებინა, ძალიან რთული იყო. ხოლო ამ ხალხს, ვისაც სახლების დატოვება უწევთ, რასაც მთელი ცხოვრების განმავლობაში აგროვებდნენ, აშენებდნენ, საშინელი გრძნობაა. მართალია, მესმოდა მათი, მაგრამ დღეს სხვანაირად ვგრძნობ ყოველივეს“.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 13 სექტემბერს, 00:05 საათზე, აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა არტილერიიდან და მსხვილკალიბრიანი ქვემეხებიდან სომხური პოზიციების ინტენსიური დაბომბვა დაიწყეს გორის, სოტკისა და ჯერმუკის მიმართულებით.

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, თავის მხრივ, უარყო სომხეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაცია და განაცხადა, რომ სომხეთის შეიარაღებული ძალების მიერ განხორციელდა ფართომასშტაბიანი პროვოკაციები დაშკესანის, კალბაჯარისა და ლაჩინის მიმართულებით.