ახალქალაქის მუნიციპალიტეტში 2019 წელი ლიდერობს გამოცხადებული ტენდერების რაოდენობით.
უკანასკნელი ოთხი წლის განმავლობაში სახელმწიფო შესყიდვების სტატისტიკის მიხედვით, ტენდერების ყველაზე დიდი რაოდენობით 2019 წელს განხორციელდა.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტმა 2016 წელს 99 ტენდერი გამოაცხადა, 2017 წელს 77 ტენდერი, 2018 წელს იყო გამოცხადებული 58 ტენდერი და 2019 წელს გამოცხადდა 128 ტენდერი.
შესაბამისად, 2019 წელს განხორციელდა ყველაზე მეტი ინფრასტრუქტურული და სხვა სახის სამუშაოები.
2019 წლის ტენდერების საერთო თანხა 10 826 960 ლარს შეადგენს, პირდაპირი ხელშეკრულებების ჩართვით კი თანხა 11 479 781 ლარია.
აღსანიშნავია, რომ რაოდენობა არ ნიშნავს იმას, რომ ყველა ტენდერის ხარისხი დამაკმაყოფილებელი იყო, რადგან ზოგიერთის დასრულების შემდეგ შედეგი შესამჩნევი არ იყო.
წელს მრავალი ინფრასტრუქტურული და სხვა სახის სამუშაოების პროექტები იყო შეკვეთილი. ადგილობრივ თვითმართველობაში ამბობენ, რომ ისინი უკვეთავენ ამ პროექტებს, რათა დაფინანსების შემთხვევაში უკვე ჰქონდეთ მზა პროექტები და მალევე დაიწყონ სამუშაოები.
გვსურს ავღნიშნოთ, რომ მუნიციპალიტეტში უკვე რამდენიმე წელია არსებობს პროექტების შედგენისა და ხარჯთაღრიცხვის პრობლემა. ბევრი პროექტი არასწორადაა შედგენილი, რის გამოც მუნიციპალიტეტს დაპირისპირება უწევს როგორც მშენებლებთან, ისევე პროექტის ავტორებთან. ამის მაგალითია წლევანდელი სასამართლო პროცესები მშენებლებთან. მშენებლებთან არასწორად შედგენილი პროექტების გამო 3 სასამართლო პროცესი გაიმართა.
თუმცა პროექტირების პროცესის კონტროლის გამკაცრებასთან ერთად გაჩნდა ახალი პრობლემა. ახლა აღარავის აქვს სურვილი შეადგინოს პროექტი. პროექტის შედგენაზე ზოგიერთი ტენდერი 4-5 ჯერ გამოცხადდა.
პროექტის შედგენის მსურველთა რაოდენობა წელს ნაკლებია.
მერიაში ამბობენ, რომ ეს კონტროლის გამკაცრებით არის გამოწვეული. ბევრი მსურველი ვერ ბედავს პროექტების შედგენაზე ტენდერში მონაწილეობის მიღებას.
2019 წლის 128 ტენდერთაგან 31 ვერ შედგა. არსებულის ჯამიდან 26 ტენდერი საპროექტო სამუშაოების შედგენას ეხებოდა, აქედან 15 პროექტი ვერ შედგა.